მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული სახედარი ექსპორტზე შესაძლოა, ჩინეთში გავიდეს - „სახე-დარის“ გეგმები

64b7d3ca8f978
სალომე ხიდურელი
23.07.23 09:30
10942
ვირის რძის მწარმოებელი ფერმა „სახე-დარი“, რომელიც 7 წლის წინ გაიხსნა, წლის განმავლობაში, დაახლოებით, 800 ლიტრ რძეს ყიდის. როგორც ფერმის დამფუძნებელი თემურ ლომიძე BM.GE-სთან განმარტავს, ბიზნესმა ვირის რძის სარგებლიანობაზე დაბალი ცნობადობის ბარიერი უკვე გადალახა და ახლა შეკვეთებიც სტაბილურად აქვთ.

„ქართულ ბაზარზე, დაახლოებით, ბოლო 3 წელია, წელიწადში 800-მდე ლიტრი რძე სტაბილურად იყიდება, ეს არც ძალიან ბევრია, არც - ცოტა. ის ბარიერი, რასაც ცნობადობის ამაღლება ერქვა, უკვე გადავლახეთ და ბიზნესისთვის კრიტიკული პირველი 5 წელიც გავიარეთ.

ვირის რძეს სამკურნალო თვისებები აქვს, რისიც არც მე მჯეროდა თავიდან, ვიდრე ამ ბიზნესს დავიწყებდი. ამ დრომდე ვინც მომაგნო და მოვიდა, საუბარი მაქვს დაავადებულ ბავშვებზე და არა მხოლოდ - უფროსებზეც, ყველა განიკურნა. ვირის რძე იმუნიტეტის ასამაღლებლად პირველი წამალია“, - აცხადებს თემურ ლომიძე.

მისი თქმით, ერთი ლიტრი რძის ღირებულება 70 ლარია, მათი წარმადობა ბაზრის მოთხოვნას სრულად ფარავს, თუმცა შემოსავალი მოგებაზე გასვლაზე საუბარი, ჯერ ადრეა.

„რომ გითხრათ, რომ ამ ბიზნესით ავშენდი და გავმდიდრდი - მოგატყუებთ. ფერმისა და ვირების მოვლა-პატრონობა, იჯარა და ხელფასები, დაახლოებით, 30 000 ლარი ან უფრო მეტი ჯდება, ამიტომ ჩადებული თანხა ნელ-ნელა ამომაქვს, მოგებაზე საუბარი კი ჯერ ადრეა“, - ამბობს თემურ ლომიძე.

გარდა ვირის რძისა, „სახე-დარი“ მისგან დამზადებულ სხვადასხვა პროდუქტს, მათ შორის კოსმეტიკურ კრემებსა და საპნებსაც ყიდის. ფერმის დამფუძნებლის სურვილია, რომ ყველა ამ პროდუქციას თავი ერთ სარეალიზაციო სივრცეში მოუყაროს, თუმცა, ამ ეტაპზე, ფინანსებზე ხელმიუწვდომლობის გამო, ამ გეგმას ვერ ახორციელებს.

ლომიძე BM.GE-სთან ვირის ფერმის მართვის გამოწვევებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ სახელმწიფოსგან ხელშეწყობა ამ სფეროში ძალიან მცირეა.

„მათგან დამოკიდებულება ძალიან ცუდია. ბევრი პრობლემა შემქმნია, სულ ბოლოს მოგიყვებით: როდესაც დავურეკე მთავრობის წარმომადგენელს, ვუთხარი, რომ შემოთავაზება მქონდა უცხოეთიდან, კონკრეტული რაოდენობის რძეზე, რძის ფხვნილზე, სახედარზე.. ვუთხარი, რომ ინვესტორი მზად იყო ფული გადაეხადა, ქვეყანაში ვალუტა შემოსულიყო, მაგრამ მე არ ვიყავი მზად [ლოგისტიკურად], რა უნდა მექნა? უბრალოდ გაატარეს, ალბათ მათთვის არ არის შემოსავლიანი წლის განმავლობაში 2-3 მილიონიანი ბრუნვა, თუ ფერმას გავზრდიდი და შევინახავდი“, - ამბობს ფერმერი და დასძენს, რომ მსგავსი სირთულეები უამრავია.

გამოწვევების მიუხედავად, „სახე-დარი“ ვითარდება და, ასორტიმენტის გაფართოებასთან ერთად, ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გადის.

„გვაქვს შემოთავაზება ჩინეთიდან, სადაც უნდათ, რომ წელიწადში 4 000-5 000 სული სახედარი გაიყვანონ, ჯერ-ჯერობით მოლაპარაკების რეჟიმში ვართ, ახლა მიდის ჩვენგან სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი ჩინეთში და მათი შემოთავაზება არის, რომ ინკუბატორი გავაკეთოთ აქ და წლის განმავლობაში გაიყვანონ, როგორ და რა ფორმით, ეს ჯერ არ ვიცით“, - აცხადებს თემურ ლომიძე.

ცნობისთვის, „სახე-დარის“ ფერმაში ამ დრომდე 120 ვირი ჰყავთ. ფერმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ გამარჯვებაში მდებარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები