პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი "ოფშორების" კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავს.
დეპუტატმა რომან გოცირიძემ, პრეზიდენტის წარმომადგენელს, გიორგი მსხილაძეს ჰკითხა, თვლის თუ არა, რომ კანონი, რომელიც ქვეყნის რეპუტაციას ეჭვქვეშ აყენებს, ერთ ადამიანზეა მორგებული.
"დაახლოებით 20 წლის განმავლობაში ქვეყანა რეპუტაციას იხვეჭდა. ახლა კი, ამ გადაწყვეტილებით [ოფშორების კანონით] მივდივართ იმ წესრიგის წინააღმდეგ, რაც არსებობს შავი ფულის გათეთრების კუთხით. პანამის საქმეები ვიცით, იქ ბევრჯერ იყო ნახსენები თავად ბიძინა ივანიშვილი.
ფიქრობთ თუ არა, რომ ეს კანონი მორგებულია ერთ ადამიანზე? ძალიან სპეციფიკურადაა დაწერილი. ადამიანმა, უნდა წამოიღოს თავისი წილის 100% აქ. მაგალითად 99% რომ წამოიღოს და ვიღაც 1%-იანი მეწილე რომ ჰყავდეს, რომელიც "ჩარჩება" ოფშორში ამით რა შავდება? ხომ არ არის მორგებული ზუსტად ისეთ აქტივებზე მორგებული, რომელიც ზუსტად ამ, ერთი ადამიანის ბიზნეს სტრუქტურას ეხება?" - ჰკითხა რომან გოცირიძემ პრეზიდენტის წარმომადგენელს.