ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების შემოდინებაზე საქართველოში მიმდინარე პროცესების გავლენას BMGTV-ის გადაცემა "ანალიტიკას" ეთერში, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივანი, ზვიად ჭუმბურიძე აფასებს და აღნიშნავს, რომ საქართველოში არსებულ გამოწვევას, ოკუპაციას, პოლიტიკური კრიზისიც ემატება, რაც ინვესტიციებს თრგუნავს.
"როდესაც ინვესტორი გრძელვადიანად ფიქრობს, რომ დააბანდოს თავის კაპიტალი და ჩადოს ინვესტიცია ქვეყანაში, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის ისედაც დათრგუნულია, იმიტომ რომ, შეიძლება, ჩვენი მსოფლმხედველობა უკვე შეეწყო ოკუპირებული ტერიტორიების დროებით დაკარგვას, მაგრამ ეს ინვესტორისთვის იმთავითვე გამოწვევაა.
როცა ამხელა გამოწვევას კიდევ ემატება პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში, როდესაც ინვესტორი ხედავს, რომ შესაძლებელია, მისი ინვესტიცია დაცული არ იყოს, ეს, რა თქმა უნდა, მოქმედებს. ევროპელ ინვესტორზე კი არა, შენი რეგიონის, აზერბაიჯანელ და სომეხ ინვესტორზეც იმოქმედებს. ეს არის აბსოლუტურად ფხიზელი თვალი ინვესტორის, რომ ჩადოს კაპიტალი იქ, სადაც გარანტირებული სტაბილურობაა და მისი კაპიტალი დაცული იქნება", - აღნიშნავს ზვიად ჭუმბურიძე.
EUGBC-ის გენმდივანი აღნიშნავს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, ქვეყნის საგარეო პოლიტიკა ასეთი გაურკვეველი არასდროს ყოფილა: " ძალიან გულსატკენია, რომ სამი ათეული წელი გავიდა დამოუკიდებლობის აღდგენიდან და ასეთი გაურკვეველი ვითარება, როგორიც დღეს არის ქვეყანაში, მე საგარეო პოლიტიკის გაურკვეველი ნამდვილად არ მახსოვს. ამიტომ, ეს მოქმედებს, შეიძლება ასე უცებ არ აისახოს, ერთ კვირაში და ერთ თვეში, მაგრამ გრძელ ვადაში".
ზვიად ჭუმბურიძემ პოლიტიკური ვითარების ფონზე "შავი ზღვის პლატფორმის" საქმიანობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ, მიუხედავად პარტნიორებთან გართულებული კომუნიკაციისა, პლატფორმა მუშაობას აგრძელებს.
"მიუხედავად ამ მძიმე ვითარებისა, დღეს ვაგრძელებთ საქმიანობას. ყოველწიურად ვატარებთ "შავი ზღვის პლატფორმის" შეხვედრას, სადაც მოდიან პარტნიორები, დიპლომატიური კორპუსი, ექსპერტები, მათ შორის ჩვენი პარტნიორები ცენტრალური აზიიდან, რეგიონიდან… რა თქმა უნდა, მათი მოწვევა გართულდა, მაგრამ მცირე ფორმატში ეს აუცილებლად უნდა ჩავატაროთ. შავი ზღვის პლატფორმა USAID-ის მხრიდანაა მხარდაჭერილი, რაც უმნიშვნელოვანესი. ახლა ვხვდებით, თუ რა მნიშვნელობა აქვს პარტნიორების დახმარებას, რომელიც აცოცხლებს შავი ზღვის პლატფორმას.
არ ვჩერდებით და არც უნდა გავჩერდეთ, უნდა გაგრძელდეს მუშაობა, რადგან არ არსებობს პოლიტიკური ჩიხი, საიდანაც გამოსავალი არ იქნება. შეიძლება ეს გამოსავალი ხელისუფლებამაც ნახოს. ამაზე ხელისუფლებაა პასუხისმგებელი, რადგან ის საზოგადოებას აერთიანებს. მას შეუძლია ის გააკეთოს, რასაც მე და თქვენ ვერ შევცვლით. გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ, იმედს ვიტოვებ, რომ შევძლებთ, ეს ქვეყანა განსაკუთრებულ ჩიხში არ შევიყვანოთ და სანანებელი არ გაგვიხდეს", - ამბობს ზვიად ჭუმბურიძე.
"შავი ზღვის პლატფორმა" EUGBC-მა 2022 წელს დააფუძნა. მისი მიზანი შუა დერეფნის გააქტიურება და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობაში ხელშეწყობაა.