დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის დეფიციტის გამო, გაზიფიკაცია სურთ. დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთთან გაზიფიკაციის საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
"გაზპრომის" სტრუქტურამ გაზიფიკაციის სქემა მოამზადა. ჩვენთვის შეერთების წერტილები და პუნქტები მიუთითა, სადაც, შესაძლოა, გაზზე დაფუძნებული ელექტროენერგიის წარმოების სადგურები განთავსდეს" ,- განაცხადა ასლან ბჟანიამ რუსულ მედიასთან ინტერვიუში.
ასლან ბჟანიას თქმით, ენერგეტიკის სექტორის გასავითარებლად უცხოელ ინვესტორებთან მოლაპარაკებები გაიმართება.
"აფხაზეთის ხელისუფლებას კარგად ესმის, ელექტროენერგიის ინდუსტრია რამდენად მნიშვნელოვანია. იმისთვის, რომ ინდუსტრიამ ავარიული შემთხვევების გარეშე იმუშაოს, მასში თანხების ინვესტირება აუცილებელია, რაც ქვეყანას არ გააჩნია", - აღნიშნა ბჟანიამ.
პროპაგანდისტულ მედიასთან ინტერვიუში ე.წ. პრეზიდენტმა საქართველოსთან ურთიერთობაზეც ისაუბრა. ასლან ბჟანიამ საქართველოს მთავრობა პრაგმატულობის გამო შეაქო და განაცხადა, რომ სოხუმს თბილისთან კეთილმეზობლური ურთიერთობა სურს.
"სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ, როგორც მეჩვენება, ყველაფრის მიმართ პრაგმატული მიდგომა გამოავლინა. ისინი არ აღმოჩნდნენ ჩათრეული იმ პროვოკაციაში, რომელსაც უკრაინა თავს ახვევდა. მეორე ფრონტის გახსნის შესახებ უკრაინის ლიდერების არაერთმა მოწოდებამ, მათი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. ამ თვალსაზრისით, მიმაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური სიმწიფის ნიშანი.
ჩვენი მომავალი გადაწყვეტილი გვაქვს. საქართველოს ხელმძღვანელობას მოუწევს არსებული რეალობის აღიარება. არ მგონია, რაიმე ახალს ვიტყოდე, მაგრამ ომის შემდეგ ყველაფერი ისე ვერ იქნება, როგორც ომამდე იყო. ომი რადიკალურად ცვლის ყველაფერს. 1992 წელს აფხაზეთში ომის დაწყებამდე, იმ პერიოდის ქართველ ლიდერებს უნდა გაეგოთ, რა შეიძლება მოჰყოლოდა ამ ყველაფერს. ეს იყო ალბათ ერთ-ერთი გამოუსწორებელი შეცდომა საქართველოს მთლიანობის შენარჩუნების თვალსაზრისით. ზოგადად, ჩვენ საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობა გვინდა. შემიძლია, ვთქვა, რომ ჩვენ არ გვაქვს ანტაგონიზმი ქართველი ხალხის მიმართ. გვქონდა პრეტენზია მათთან, ვინც დაიწყო ეს ომი და მათ მიმართ, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ომში", - განაცხადა ბჟანიამ.