ოკუპირებული აფხაზეთი და სანქტ-პეტერბურგი ტურიზმის, განათლების, სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით "თანამშრომლობას" გააფართოებენ. ამის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ და სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორმა, ალექსანდრ ბეგლოვმა შეხვედრაზე განაცხადეს.
"რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ აფხაზეთი ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე და ახლო მეზობელია. პეტერბურგსა და აფხაზეთს თბილი მეგობრული ურთიერთობა აქვთ", - განაცხადა ბეგლოვმა.
როგორც მან აღნიშნა, 2024 წლის შემოდგომაზე აფხაზეთში ბიზნეს მისიის გაგზავნას გეგმავს. სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორის განცხადებით, რუს ბიზნესმენებს შეუძლიათ, აფხაზებს ისეთ პროექტებში დაეხმარონ, როგორებიცაა სურსათის ბაზრების რეკონსტრუქცია თანამედროვე გასტრონომიულ სივრცეებად, აგარაკების მშენებლობა, სარესტორნე ბიზნესის განვითარება.
"ტურიზმი აფხაზეთისთვის საკვანძო ინდუსტრიაა. მისი განვითარება ერთობლივად შეგვიძლია. რუსეთიდან ჩასული ტურისტების მხრიდან აფხაზეთზე მოთხოვნა დიდია. ინდუსტრიის გასავითარებლად ხარისხიანი ინფრასტრუქტურა აუცილებელია", - აღნიშნა მან.