საქართველომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი უნდა გააუქმოს და ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალთან ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმებას ხელი უნდა მოაწეროს. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ოლეგ ბარციცმა რუსულ მედიას განუცხადა.
„საქართველოს ხელისუფლების განცხადებები იმის შესახებ, რომ მეზობლებთან რუსეთთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების გაჯანსაღება უნდათ, ჩვენი ყურადღების მიღმა არ რჩება, მაგრამ ამასთან პრაქტიკული დადასტურება, რეალური ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. ჩემი აზრით, ეს შეიძლება რამდენიმე ნაბიჯი იყოს, მათ შორის ეს არის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გაუქმება, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. საკუთარ თავს ანგარიში უნდა ჩააბარო რა რეალობაში ვიმყოფებით დღეს. მეორე - ძალიან მნიშვნელოვანია და ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში ჩვენი კოლეგების ყურადღებას ამაზე გავამახვილებთ, ეს არის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმება. ამის შემდეგ კიდევ სხვა რამეზეც იქნება შესაძლებელი საუბარი“, - აცხადებს დე ფაქტო სამინისტროს ხელმძღვანელი.
აღსანიშნია, რომ ოლეგ ბარციცმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე სერგეი შამბა შეცვალა. შესაბამის განკარგულებას ხელი ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ მოაწერა.




























