მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული შიდა პასპორტების გაცემა შეჩერდა

რუსული პასპორტი

დღეიდან ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული შიდა პასპორტების და მართვის მოწმობის გაცემის პუნქტებმა ოპერირება შეწყვიტეს, ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებულ რეგიონში არსებული რუსეთის საელჩო ავრცელებს.

განცხადებაში განმარტებულია, რომ პასპორტების გაცემის პუნქტები 2026 წლის იანვარში გაიხსნა „აფხაზეთის მოქალაქეებისთვის კომფორტული პირობების შექმნის მიზნით“, "ორმაგი მოქალაქეობის საკითხების მოგვარების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, რომელსაც მხარეებმა 2022 წელს მოაწერეს ხელი და 2025 წლის 25 აპრილს შევიდა ძალაში, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილების საფუძველზე". გარდა ამისა, 2025 წელს ოკუპირებულ აფხაზეთში ასევე ამოქმედდა რუსული მართვის მოწმობების გაცემის პუნქტები. პასპორტების და მართვის მოწმობების გაცემის პუნქტები ემსახურებოდა ოკუპირებული რეგიონის იმ მცხოვრებლებს, რომლებსაც გააჩნდათ რუსეთის მოქალაქეობა.

„ვინაიდან აფხაზი პოლიტიკური მოღვაწეები, მათ შორის სახალხო კრების დეპუტატები, ეჭვქვეშ აყენებენ ზემოაღნიშნული პუნქტების ფუნქციონირების კანონიერებას, რუსული მხარე, რომელიც პატივისცემით ეკიდება აფხაზეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტს, იძულებულია შეაჩეროს მათი ფუნქციონირება. შესაბამისად, ამ დოკუმენტების გაცემა აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადავა“, - ნათქვამია განცხადებაში.

აფხაზეთის ე.წ. მთავრობა გადაწყვეტილებას ჯერ არ გამოხმაურებია, თუმცა კომენტარი გააკეთა რუსეთის ელჩმა ოკუპირებულ აფხაზეთში მიხაილ შურგალინმა. მან განმარტა, რომ პუნქტების გახსნის გადაწყვეტილება შეთანხმებული იქნა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან და ხელისუფლებასთან და ოპერირებდა "ერთიანი ფანჯრის" პრინციპით - უფასოდ, რუსი სპეციალისტების ჩართულობით და, რომ რუსეთის შსს-ს თანამშრომლების აფხაზეთის ტერიტორიაზე მუშაობა არ ეწინააღმდეგება კანონს და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად მიმდინარეობდა.

"თუმცა 4 თებერვალს, აფხაზეთის პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე, რამდენიმე დეპუტატმა, მათ შორის კან ქვარჩიამ, რომელიც მოგვიანებით ამის შესახებ საჯაროდ გამოვიდა, ეჭვქვეშ დააყენა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის სამსახურის სპეციალისტების აფხაზეთში ყოფნის ლეგიტიმურობა და ამას სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევად წარმოაჩინა", - განაცხადა შურგალინმა

სწორედ მომხდარის საფუძველზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება პასპორტების გაცემის პუნქტებს შეეწყვიტა ოპერირებაზე.

რუსეთის საელჩოს ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის 190 ათასი მოსახლე ცხოვრობს, რომელთა უმრავლესობას არ გააჩნია პასპორტი. რუსეთის პასპორტის აღების მსურველებს დღეიდან ამის გაკეთება მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე შეეძლებათ და მოუწევთ 4000-დან 6000-მდე რუბლის სახელმწიფო მოსაკრებლის გადახდა.

ცნობისთვის, გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად რუსეთში როსტოვ-ნა-დონუს აფხაზური დიასპორის თავმჯდომარე, ირაკლი ბჟინავა დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით ბჟინავას დაკავება მის მიერ აფხაზეთში რუსეთის შიდა პასპორტების გაცემის შესახებ ონლაინ გავრცელებულ კომენტარს უკავშირდება.

"ასევე მინდა შევეხო აფხაზეთში შიდა რუსული პასპორტების გაცემისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს — აფხაზეთის რესპუბლიკის — მოქალაქეების მიერ, საკუთარ ტერიტორიაზე, რუსეთის ფედერაციისადმი ერთგულების ფიცის დადების საკითხს. ეს საერთოდ ნორმალურია?" — წერდა ბჟინავა Facebook-ზე.

2022 წლის ბოლოს ევროკავშირის საბჭომ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ან საქართველოს სეპარატისტულ ტერიტორიებზე "გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტების" არაღიარების თაობაზე.

მანამდე ევროპარლამენტმა დაამტკიცა გადაწყვეტილება, არ აღიაროს რუსეთის მიერ "უკრაინისა და საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ რეგიონებში" გაცემული პასპორტები და სხვა სამგზავრო დოკუმენტები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები