პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მიიღო „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში ცვლილებები.
საკითხი სხდომაზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა წარადგინა.
ცვლილების თანახმად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგულირების საფასურის გადახდისა და სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება არ გავრცელდება ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის მიერ წარმოებულ და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით მიწოდებულ ელექტროენერგიაზე.
საქართველოში ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურის მონაცემებით, 2023 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით, შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 4.233 მლრდ კვტ. სთ-ია. ამავე პერიოდში აფხაზეთმა "ენგურჰესიდან" და "ვარდნილჰესის" კასკადიდან 1.925 მლრდ კვტ.სთ-ს ელექტროენერგია მოიხმარა. შესაბამისად, აფხაზეთის მოხმარებამ შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის დაახლოებით 45,5% შეადგინა.
უნდა აღინიშნოს, რომ 1990-იან წლებში ხელმოწერის გარეშე მიღწეულ შეთანხმებით, "ენგურჰესის" მიერ გამომუშავებული მთლიანი ელ.ენერგიის 40% ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონს, 60% კი - დანარჩენ საქართველოს ეკუთვნის.


























