მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

OLAF-ის გამოძიებაში, რომელიც რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლას ეხება, საქართველოც ფიგურირებს - დეტალები

სანქციები

ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისმა (OLAF) რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესაძლო გვერდის ავლის ფაქტზე ტრანსსასაზღვრო გამოძიება ჩაატარა.

კერძოდ, საქმე ეხებოდა ევროკავშირიდან ექსპორტზე გასულ 760-ზე მეტ სატრანსპორტო საშუალებას, რომლებიც ოფიციალური დანიშნულების წერტილის ნაცვლად, რუსეთში ჩავიდნენ. საქმეში ფიგურირებს საქართველოც.

"გამოძიება პოლონეთის ხელისუფლების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო, რომელმაც ევროკავშირის რამდენიმე წევრი სახელმწიფოდან მეორადი ავტომობილების საეჭვო ექსპორტი გამოავლინა. მიუხედავად იმისა, რომ დეკლარაციის მიხედვით, ავტომობილების დანიშნულების ადგილი თურქეთი იყო, პოლონეთის საბაჟოს მიერ მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებდა, რომ მათი რეალური დანიშნულების ადგილი რუსეთი იყო.

მონაცემთა ვრცელი ანალიზისა და საბაჟო, სავაჭრო და სატრანსპორტო ინფორმაციის გადამოწმების გზით, OLAF-მა გამოავლინა უფრო ფართო სქემა, რომელშიც ჩართულნი იყვნენ ექსპორტიორები ევროკავშირიდან და დეკლარირებული იმპორტიორები მესამე ქვეყნებიდან, მათ შორის: სომხეთიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან და მოლდოვიდან. აღნიშნული ქვეყნების ხელისუფლებებთან თანამშრომლობამ OLAF-ს საშუალება მისცა დაედგინა, რომ ჯამში 766 სატრანსპორტო საშუალება დეკლარირებულ დანიშნულების ადგილებზე არასდროს შესულა", - ნათქვამია გავრცელებულ პრესრელიზში.

თითოეული ავტომობილის ინდივიდუალური მიკვლევის გზით, OLAF-მა აღადგინა ლოგისტიკური ჯაჭვი და საბოლოოდ სატრანსპორტო საშუალებები რუსეთში დააფიქსირა, რითაც ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის ეჭვი დადასტურდა.

OLAF-ის მიგნებების საფუძველზე, წევრ სამ სახელმწიფოში სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. გარდა ამისა, OLAF-ის მიერ გაზიარებული ინფორმაციის საფუძველზე, ევროკავშირის შესაბამისმა ორგანოებმა სამომავლო გადაზიდვების მონიტორინგი გააძლიერეს.

EU-დან საქართველოში შემოყვანილი ავტომობილების რუსეთში რეექსპორტი 2023 წლის 26 სექტემბრიდან აიკრძალა. ამით საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს შეუერთდა. მანამდე, ამავე წლის 1 აგვისტოდან, აკრძალვა გავრცელდა აშშ-დან შემოყვანილი ავტომობილების რუსეთსა და ბელარუსში რეექსპორტზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები