საბურთალოზე „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მშენებლობა განახლდა, - თბილისის მერიასა და დეველოპერულ კომპანია „m2 უძრავ ქონებას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი დღეს გაფორმდა. ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე ესწრებოდა.
კალაძის თქმით, მსგავსი პროექტი მერიამ უკვე განახორციელა კომპანია “სვეტის“ მიერ დაზარალებულთა შემთხვევაში და ახლა ძირითადი ძალისხმევა მიმართული იქნება იქით, რომ კომპანია „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულთა პრობლემა მოგვარდეს.
„ეს არის „ოლიმპიური ვარსკვლავის“ პროექტი, რომელიც ვერ განხორციელდა. როცა თბილისში, დაუმთავრებელ მშენებლლობებზე ვსაუბრობთ, "ოლიმპიური ვარსკვლავი" იყო ერთ-ერთი ასეთი კომპანია. სამშენებლო კომპანია m2 დაინტერესდა ამ კომპლექსით და მშენებლობა დასრულდება. ძალიან მიხარია, რომ დაახლოებით 400-მდე ოჯახი საცხოვრებელ ბინას მიიღებს. ეს პროექტი დასრულდება და ძალიან მალე გექნებათ საცხოვრებელი ბინები“, - მიმართა კალაძემ „ოლიმპიური ვარსკვლავის“ დაზარალებულებს.
ინფორმაციისთვის, „ოლიმპიური ვარსკვლავი“ დაუსრულებელი მშენებლობისთვის 2012 წელს 27 მილიონი ლარით დაჯარიმდა. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ჯარიმა, რომელიც მოგვიანებით 37 მილიონამდე გაიზარდა, პოლიტიკური იყო და უკავშირდებოდა ზურაბ ზვიადაურს, რომელიც „ქართული ოცნების“ სახელით იყრიდა კენჭს 2012 წელს. აღნიშნული ჯარიმა კომპანიას უკვე ჩამოეწერა და ბოლო წლებია მშენებლობის გასაგრძელებლად ინვესტორს იძებს.




























