საქართველოს სახალხო დამცველი 2025 წლის 29 ოქტომბერს, თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და მათი მშობლების მიერ გამართულ მშვიდობიან პროტესტს ეხმიანება, რომლის მიმდინარეობისას საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით, ერთ-ერთმა ავტომობილმა შეკრების მონაწილეებს რეალური საფრთხე შეუქმნა.
სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბავშვებისთვის გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისას აუცილებელია უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემოს უზრუნველყოფა.
„აუცილებელია დროულად დადგინდეს იმ ავტომობილის მძღოლის ვინაობა, რომელმაც საფრთხე შეუქმნა პროტესტის მონაწილეებს, და მას შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს.
ინციდენტთან დაკავშირებით სახალხო დამცველის წარმომადგენელს უკვე ჰქონდა კომუნიკაცია სამართალდამცავ სტრუქტურებთან, ხოლო აპარატი ბავშვების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისას მათი უსაფრთხოების დაცვის საკითხს შეისწავლის.
გარდა ამისა, სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივით სწავლობს ბავშვებისთვის ხარისხიანი და უწყვეტი განათლების ხელმისაწვდომობის საკითხს, რომლის ირგვლივაც მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და მათი მშობლების პროტესტი მიმდინარეობს.
ომბუდსმენის ინფორმაციით, შესაბამისი ინფორმაცია უკვე გამოთხოვილია საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროდან და საკითხზე წარმოება გრძელდება", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.




























