მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ომბუდსმენმა თავდაცვის ძალების ვეტერანებისთვის სოციალური პაკეტის საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა

იოსელიანი

ომბუდსმენმა თავდაცვის ძალების ვეტერანებისთვის სოციალური პაკეტის დანიშვნისას არსებული ასაკობრივი შეზღუდვისა და თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფის საკითხზე ზოგადი წინადადებით ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, საქმის შესწავლის საფუძველი გახდა თავდაცვის ძალების ვეტერანის მიმართვა, რომელიც მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია და სახელმწიფო კომპენსაციას იღებს. მოქმედი რეგულაციის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ თავდაცვის ძალების ვეტერანებს სოციალური პაკეტი მხოლოდ საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ ენიშნებათ. აღნიშნული შეზღუდვის გამო განმცხადებელი ვერ სარგებლობს შესაბამისი სოციალური დახმარებით.

"საქმის შესწავლისას გამოიკვეთა განსხვავება ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისთვის სოციალური პაკეტის დანიშვნის პირობებს შორის. კერძოდ, ომის ვეტერანებს ანალოგიური ოდენობის სოციალური პაკეტის მიღება საპენსიო ასაკამდეც შეუძლიათ, მაშინ როდესაც სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები თავდაცვის ძალების ვეტერანებისთვის ასაკობრივი შეზღუდვა მოქმედებს. სახალხო დამცველის შეფასებით, საქმის განხილვის ფარგლებში აღნიშნული განსხვავებული მოპყრობის ობიექტური და გონივრული გამართლება არ გამოიკვეთა.

სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ორივე კატეგორიის ვეტერანებისთვის სოციალური გარანტიების დაწესება უკავშირდება სახელმწიფოს წინაშე გაწეული სამხედრო სამსახურისა და მასთან დაკავშირებული რისკებისა და საჭიროებების აღიარებას. ამასთან, სოციალური დაცვის, რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის საჭიროებები შესაძლოა საპენსიო ასაკის მიღწევამდეც წარმოიშვას.

აღსანიშნავია, რომ საკითხი არ შემოიფარგლება მხოლოდ განმცხადებლის ინდივიდუალური შემთხვევით და შესაბამისი სტატუსის მქონე პირთა უფრო ფართო წრეს ეხება. არსებული მონაცემებით, საპენსიო ასაკს მიუღწეველი თავდაცვის ძალების ვეტერანების რაოდენობა, რომლებსაც სოციალური პაკეტი ამჟამად არ აქვთ დანიშნული 163-ს შეადგენს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა სამინისტროს მიმართა - 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში განიხილოს სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები, საპენსიო ასაკს მიუღწეველი თავდაცვის ძალების ვეტერანებისთვის სოციალური პაკეტის უზრუნველსაყოფად საჭირო ფინანსური რესურსის გამოყოფის საკითხი", - აღნიშნულია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები