მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ომი ახლო აღმოსავლეთში და "საქართველოს ნავთობი" მორიგ ფორსმაჟორში|"დროა, ერთად მოქმედების"

შალვა ალავერდაშვილი

ტურიზმი, რომელსაც ხშირად "საქართველოს ნავთობს" უწოდებენ, მორიგი გამოწვევის აღმოჩნდა. „2019 წლის „გავრილოვის ღამის“ შემდეგ ვერ ამოვისუნთქეთ“, - განაცხადა „სასტუმროების ფედერაციის“ დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“, რომლის მთავარი თემა ქართულ ტურიზმზე ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გავლენა და შესაძლო პრობლემების მაქსიმალურად შემცირების გზები იყო.

აღსანიშნავია, რომ ისრაელიდან, ირანიდან და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, რომელშიც შედიან საუდის არაბეთი, საამიროები, კატარი, ქუვეითი, ბაჰრეინი და ომანი, საქართველოს ტურიზმმა 2025 წელს 923 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. კერძოდ, საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის მიერ დამუშავებული მონაცემებით, რომელიც ეროვნულ ბანკს ეყრდნობა, ისრაელელმა მოგზაურებმა შარშან საქართველოში $586 მლნ დახარჯეს, ირანიდან ვიზიტორებმა - $163 მლნ, ხოლო ყურის ქვეყნების წილი $435 მლნ იყო.

როგორ უნდა შევინარჩუნოთ ტურიზმში სტაბილურობა რეგიონში, რომელიც რუკაზე "წითელ ზონად" აღიქმება? - შალვა ალავერდაშვილს, რომელსაც ტურიზმის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მიაჩნია, რომ „დროა, ერთად მოქმედების“ ტურიზმის ინდუსტრიასა და სახელმწიფოს [ეკონომიკის სამინისტროსა და ტურიზმის ადმინისტრაცია] შორის.

„მინდა, კიდევ ერთხელ გამოვიყენო თქვენი [BMGTV] პლატფორმა და მოვუწოდო ყველას: ახლა იმის დრო არაა, რომ კერძო და სახელმწიფო სექტორი ცალ-ცალკე იყოს... ჩვენ უნდა შევიკრიბოთ და ღიად ვისაუბროთ იმაზე, თუ რა გველოდება. თუ ეს ომი გახანგრძლივდა, რა იქნება ჩვენი სტრატეგია? რა მიმართულებით წავალთ? წინა ინტერვიუც იმით დავასრულე, რომ ცალ-ცალკე მუშაობა შედეგს არ მოიტანს. დღეს არ არის იმის დრო, რომ კერძო და სახელმწიფო სექტორი ერთმანეთისგან გამიჯნულად მოქმედებდეს. ეს გადაუდებელი აუცილებლობაა. ჩვენ უნდა დავამუშაოთ ყველა შესაძლო სცენარი და გვქონდეს გეგმა თითოეული შემთხვევისთვის - რა გავაკეთოთ, თუ მოვლენები ამა თუ იმ მიმართულებით განვითარდა“, - აცხადებს შალვა ალავერდაშვილი.

„წერტილთან“ ვრცელ ინტერვიუში „სასტუმროების ფედერაციის“ დამფუძნებელმა ვრცლად ისაუბრა იმ ეფექტზე, რომელიც ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტმა ტურიზმის სექტორს უკვე დაატყო.

გუდაური - წარმატებული სტარტი და „ომის მიერ გაჩერებული“ სეზონი

შალვა ალავერდაშვილის თქმი, წლევანდელი ზამთრის სეზონი გუდაურისთვის რეკორდული და იმედისმომცემი უნდა ყოფილიყო. ბოლო წლებში კურორტი ისრაელელი ახალგაზრდებისთვის ერთ-ერთ ყველაზე სასურველ მიმართულებად იქცა, თუმცა კონფლიქტის ესკალაციამ ეს დინამიკა რადიკალურად შეცვალა.

„გუდაურის სასტუმროების დატვირთულობის 60-70% სწორედ ყურის ქვეყნებსა და ისრაელზე მოდიოდა. მარტში, როდესაც კლიმატური პირობები ჯერ კიდევ იძლეოდა სრიალის საშუალებას, ჯავშნების უდიდესი ნაწილი გაუქმდა. ეს არ ყოფილა ტურისტების სურვილი – ეს იყო ფიზიკური შეუძლებლობა, რადგან შეწყდა ფრენები და შეიცვალა პრიორიტეტები.

სასტუმროების მფლობელები მძიმე არჩევანის წინაშე დადგნენ: დაებრუნებინათ თუ არა წინასწარ ჩარიცხული თანხები. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესისთვის გადახდილი ფულის უკან დაბრუნება რთულია, ბევრმა მათგანმა სწორი სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღო. პარტნიორების ლოიალობის შესანარჩუნებლად თანხები დაბრუნდა, რითაც საფუძველი ჩაეყარა მომავალ წელს მათ კვლავ ჩამოსვლას, თუმცა ფაქტია: მარტის შემოსავლების 70%-მდე უბრალოდ გაქრა“, - განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.

ბათუმის ტურიზმის და კაზინოების სექტორი - „სერიოზული დარტყმა“

მისივე შეფასებით, ირან-ისრაელს შორის კონფლიქტი სერიოზული დარტყმაა აჭარის ტურიზმისთვისაც. ჰოტელიერის აზრით, საქართველოს ტურიზმში ისრაელის წვლილი, სინამდვილეში, 500 მლნ დოლარს მკვეთრად აღემატება. ისრაელელი სტუმრები საქართველოში მაღალმხარჯველუნარიანობით გამოირჩევიან... რეალური რიცხვი, სავარაუდოდ, გაცილებით მაღალია ვიდრე ნახევარი მილიარდი, თუ გავითვალისწინებთ სათამაშო ბიზნესს. ბათუმის ტურიზმი დიდწილად ეყრდნობა ჩარტერულ რეისებს, რომლებსაც ისრაელიდან კაზინოს მოთამაშეები ჩამოჰყავთ. ბევრი სასტუმრო სწორედ ამ მოდელზეა აწყობილი: უფასო განთავსება, კვება და ტრანსპორტირება დეპოზიტის სანაცვლოდ. დღეს ეს ჯაჭვი გაწყვეტილია. კაზინოს სექტორმა ბათუმში უმძიმესი დარტყმა მიიღო, რაც პირდაპირ აისახება რეგიონის ეკონომიკაზე.

თბილისი: შედარებითი სიმშვიდე და „სთენდბაი“ რეჟიმი

რაც შეეხება თბილისის ტურიზმზე ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გავლენას, დედაქალაქში ვითარება შედარებით სტაბილურია, თუმცა გამოწვევები უკვე ჩანს. შალვა ალავერდაშვილის თქმით, თბილისის სასტუმროებმა, დაახლოებით, 15-20%-იანი დარტყმა მიიღო ჯავშნების გაუქმებისა თუ გადავადების სახით. „მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თბილისში ბევრი ჯავშანი არ გაუქმებულა, არამედ გადავადდა, რაც იმედს იძლევა, რომ ვითარების დასტაბილურებისთანავე ეს სტუმრები მაინც ჩამოვლენ. თუმცა აპრილის პერიოდი, რომელიც ებრაულ პასექს ემთხვევა, კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშაა. ეს არის პერიოდი, როდესაც ისრაელიდან ტურისტების მასიური შემოდინება იწყება, მაგრამ არსებული ფორსმაჟორი ამ გეგმებსაც ცვლის“, - აღნიშნა მან.

საიდან მოვიზიდოთ ტურისტები?|ევროპის ბაზარი და "წითელი რუკის" ეფექტი

რამდენად რეალურია ამ ვითარებაში მეტი ტურისტის მოზიდვა ევროპის ქვეყნებიდან? - ამ კითხვაზე პასუხად შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა, რომ ევროპიდან ჩამოსული სტუმრებისთვის გეოგრაფიული აღქმა ხშირად ბუნდოვანია. უკრაინის ომის შემდეგ, ბევრს საქართველოც საომარ ზონად მიაჩნდა. ახლა კი, როდესაც ახლო აღმოსავლეთშიც კონფლიქტია, რუკაზე ჩვენი რეგიონი გარშემორტყმულია "წითელი წერტილებით". „ძალიან რთულია დაარწმუნო ევროპელი ტურისტი, რომ საქართველოში დასვენება უსაფრთხოა, როდესაც კონფლიქტის კერა სულ რამდენიმე ასეულ კილომეტრშია. სწორედ ამიტომ, დიდი ეჭვი მეპარება, ევროპიდან ბევრი ტურისტი ჩამოვიდეს“, - თქვა შალვა ალავერდაშვილმა.

ქართული ტურიზმის სრული სვლით ისევ აზიისკენ? - ჩინეთი, ინდოეთი და ყაზახეთი

"[ტურიზმში] სრული სვლით მივდივართ აზიისკენ" - აცხადებდა „სასტუმროების ფედერაციის“ დამფუძნებელი 2026 წლის დასაწყისში „წერტილში“, ამიტომ კიდევ ერთხელ ვკითხეთ, არის თუ არა გამოსავალი ისევ აზიიდან ტურისტების მოზიდვის გაძლიერებაში.

შალვა ალავერდაშვილის თქმით, აზიის ბაზრების ათვისება, არსებულ ვითარებაში, უფრო რეალისტური გზაა, ვიდრე ევროპელების დარწმუნება.

„მაგალითად, ავიღოთ ჩინეთის და ინდოეთის ბაზარი: შეიძლება, საჭიროა ფრენების რაოდენობის გაზრდა და აგრესიული მარკეტინგი. ამ ქვეყნების მასშტაბები იძლევა შანსს, რომ დანაკლისი სწრაფად შეივსოს... ასევე, საინტერესოა ყაზახეთის ბაზარი - მარტის ბოლოს (18-30 მარტი) აღინიშნება ნოვრუზი – მუსულმანური ახალი წელი. ეს არის უდიდესი შანსი ქართული სასტუმროებისთვის, რომ ყაზახეთიდან და მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსული სტუმრებით შეავსონ ცარიელი ნომრები“, - განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა, თუმცა იქვე დასძინა, რომ პირველ რიგში, აუცილებელია ტურიზმის ინდუსტრიის ყველა რგოლმა ერთმანეთს ინფორმაცია გაუზიაროს.

„ამ ეტაპზე აუცილებელია ერთიანი სამუშაო შეხვედრის ორგანიზება. ჩვენი მთავარი ამოცანაა ტურისტული კომპანიებისგან სრული ინფორმაციის მიღება: საიდან შემოდიან ნაკადები, რა რესურსები გვაქვს და როგორია უცხოელი პარტნიორების უკუკავშირი (feedback). მნიშვნელობა არ აქვს ინდივიდუალურ კონტაქტებს - ახლა საჭიროა საერთო სურათის დანახვა. უნდა გავაანალიზოთ პარტნიორების მოლოდინები: აპირებენ თუ არა სტუმრების ჩამოყვანას, რა ტიპის გარანტიებს ითხოვენ და რატომ იკავებენ თავს. ჩვენი მიზანია, შევაგროვოთ ეს მონაცემები და ვისაუბროთ იმ რეალობაზე, რომლის წინაშეც დღეს სექტორი აღმოჩნდა“, - აცხადებს ჰოტელიერი.

შიდა ტურიზმი - „პანდემიის გაკვეთილი“

ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გამო, შემცირებული ტურისტული ნაკადების ჩამნაცვლებელი, ნაწილობრივ, შეიძლება შიდა ტურისტები აღმოჩნდნენ. ინდუსტრიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ განსაკუთრებული აქცენტი ახლა შიდა ტურიზმზე უნდა გავაკეთოთ, რაშიც სახელმწიფოც უნდა ჩაერთოს.

თუ საზღვარგარეთ გამგზავრების შიში გაიზრდება, საქართველოს მოქალაქეებმა შესაძლოა, არჩევანი კვლავ ადგილობრივ კურორტებზე შეაჩერონ - ამ ალტერნატივას შალვა ალავერდაშვილიც ხედავს და ამბობს, რომ სასტუმროებმა უკვე დაიწყეს მუშაობა სპეციალურ პაკეტებზე, რათა მაისიდან მაინც მოხდეს სექტორის "გაცოცხლება" ადგილობრივი რესურსით.

რეკომენდაციები: „დროა, ერთად მოქმედების“

შალვა ალავერდაშვილის თქმით, სტატისტიკაც აჩვენებს, რომ ტურიზმში დასაქმებულია დაახლოებით 300,000 ადამიანი, რაც ქვეყნის მომუშავე მოსახლეობის თითქმის 20%-ია. ამიტომ, ეს არ არის მხოლოდ სასტუმროების პრობლემა – ეს ეროვნული ეკონომიკის უსაფრთხოების საკითხია.

რა უნდა გაკეთდეს სასწრაფოდ? - ვკითხეთ „სასტუმროების ფედერაციის“ დამფუძნებელს, რაზედაც ასეთი პასუხები მივიღეთ:

  1. კერძო და საჯარო სექტორის კოორდინაცია: დროა, ეკონომიკის სამინისტრომ და ტურიზმის ადმინისტრაციამ ბიზნესთან ერთად შეიმუშაონ მოკლევადიანი "კრიზისული გეგმა".
  2. მონაცემების შეგროვება: უნდა მოხდეს ყველა ტურისტული კომპანიის „ფიდბექის“ ანალიზი – რას ამბობენ პარტნიორები ჩინეთში, ინდოეთში თუ ევროპაში? აპირებენ თუ არა ისინი ჯავშნების შენარჩუნებას და ა.შ.
  3. ფრენების დივერსიფიკაცია: იმ თვითმფრინავების რესურსი, რომლებიც ისრაელისა და დუბაის მიმართულებით ვეღარ დაფრინავენ, შეიძლება გადამისამართდეს აზიის სხვა პერსპექტიულ წერტილებში.

„როგორ შევავსოთ ქვეყანა [ტურისტებით] - ახლა ეს არის მთავარი... პირდაპირი გაგებით, ამ წუთს ტურიზმის ინდუსტრია ფორსმაჟორში შევედით“, - აცხადებს შალვა ალავერდაშვილი, სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები