მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ომი რომ არა, უკრაინის ოთხ ქალაქში ვაპირებდით ოპერირების დაწყებას - ქართული სტარტაპი Scroll-ი

623f18a6b1918
ალა ისპირიანი
26.03.22 19:20
1292
ქართული სტარტაპი Scroll-ი, რომელიც უკვე ორი წელია ეკო-მეგობრულ ელექტრო სკუტერის სერვისს თბილისის და ბათუმის გარდა კიევშიც ავითარებს, ახლა უკრაინაში გაჩერებულია.

BM.ge-თან კომპანიის ბიზნეს განვითარების დირექტორმა, დანიელ დოინიცინმა განაცხადა, რომ უკრაინა მათი ერთ-ერთი ძირითადი ბაზარია და დიდი გეგმები ჰქონდათ, თუმცა წელს სავარაუდოდ იქ ოპერირებას და ინვესტირებას ვეღარ მოახერხებენ.

მისივე თქმით, რომ არა ომი მარტიდან უკვე უკრაინის ბაზარზე უფრო მეტად იქნებოდნენ წარმოდგენილი: „წლიდან წლამდე საშუალო ჭრილში კიევში სკუტერების რაოდენობას 30-40%-ით ვზრდიდით. თავიდან 500-ით დავიწყეთ, შემდეგ 750-მდე გავზარდეთ. ახლა კი სკუტერების რაოდენობის გაორმაგებას საშუალოდ 1500-მდე ვაპირებდით“.

როგორც დოინიცინი ამბობს, უკრაინის ბაზარზე ახალი სატრანსპორტო საშუალების შეტანასაც გეგმავდნენ.

„იმის გამო, რომ ზამთარი ცივი იყო, კიევში ოპერირება სეზონურად გაჩერებული გვქონდა. 22 თებერვალს ვაპირებდით წასვლას, თუმცა ამ მოვლენების გამო თავი შევიკავეთ. ტერიტორია, რომლის მიმდებარედაც ჩვენი საწყობი და სერვის ცენტრია მოწყობილი, იბომბება. ასევე კიევის მუნიციპალიტეტიდან უკვე აღებულიც გვქონდა ლიცენზია, რომ ჩვენი მეორე ბრენდიც (მოპედები და ელ.ავტომობილები) გაგვევითარებინა, მაგრამ წელს ალბათ ვერც ოპერირებას და ვერც ინვესტირებას ვეღარ მოვახერხებთ. ასევე ვაპირებდით უკრაინის 3-4 ქალაქში ვყოფილიყავით წარმოდგენილი, კერძოდ, კიევის გარდა მხედველობაში გვქონდა ლვოვი, ხარკოვი და ოდესა. დიდი გეგმები გვქონდა უკრაინის მიმართულებით, რადგან ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი ბაზარია“, - განაცხადა დანიელ დოინიცინმა და დასძინა რომ მათი ბიზნესის 50% უკრაინაზე, 50% კი საქართველოზე მოდის.

მიუხედავად იმისა, რომ ქართული სტარტაპი ახლა უკრაინაში გაჩერებულია, კომპანიის ბიზნეს განვითარების დირექტორის თქმით, უკრაინის ომბუდსმენს რამდენიმე ელექტროსკუტერი გადასცეს, რაც მათ გადაადგილებას გაუმარტივებთ.

„უკრაინის ომბუდსმენის ოფისმა გვთხოვა, რომ ჩვენი სკუტერები დროებით სარგებლობაში მათთვის მიგვეცა და ჩვენ, რა თქმა უნდა, ეს გავაკეთეთ. სახალხო დამცველს, რომელიც იქ უკრაინის მილიონობით მოქალაქეს ეხმარება, სჭირდება ოფისმა იმუშაოს და თანამშრომლები მარტივად გადაადგილდნენ, ამიტომ მათ სკუტერები გადავეცით. ომბუდსმენმა მადლობაც გადაგვიხადა, რომ ამ რთულ ვითარებაში ბიზნესი სახელმწიფოს ხელს უწყობს და ურთიერთთანამშრომლობის მძიმე სიტუაციაში ეს კარგ მაგალითად მოიყვანეს“, - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები