გავლენიანი გამოცემა Financial Times-ის ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის ეკონომიკური ინფრასტრუქტურის სრულ განადგურებას ცდილობს. მედიის ინფორმაციით, ამ მიზნით კრემლმა ინდუსტრიულ და ლოგისტიკურ ობიექტებზე ინტენსიური საჰაერო იერიში მიიტანა.
არსებული ინფორმაციით, რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით მიყენებული ზიანის შედეგად ქვეყნის ბიუჯეტმა უკვე $1.5 მილიარდზე მეტი საგადასახადო შემოსავალი დაკარგა, რამაც მიმდინარე წლის $27 მილიარდის ოდენობის საბიუჯეტო დეფიციტის მოლოდინი კიდევ უფრო გაამწვავა.
როგორც ირკვევა, ბალისტიკური რაკეტებით განხორციელებულმა დარტყმებმა ქვეყნის მეტალურგიული ინდუსტრია სრულად პარალიზებულ მდგომარეობაში ჩააყენა. თავდასხმებმა გააჩერა Metinvest-ისა და ArcelorMittal-ის მფლობელობაში არსებული ქარხნები, რომლებიც უკრაინის ფოლადის წარმოების 90%-ს შეადგენდა. იერიშების შედეგად ზაპოროჟიესა და კრივოი-როგის საწარმოებში დომენის ღუმელები განადგურდა და 17 თანამშრომელი დაიღუპა. Metinvest-ის გენერალური დირექტორის ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ვოდოვიზმა აღნიშნა, რომ უკრაინას მეტალურგიული ინდუსტრია ფაქტობრივად აღარ აქვს. მისი განმარტებით, რთულია იმის თქმა, როდის მოხერხდება იმ ობიექტების აღდგენა, რომლებიც ჯამურად 15,000 ადამიანს ასაქმებდა.
აღსანიშნავია, რომ რუსული უპილოტო აპარატების მნიშვნელოვან სამიზნედ სადისტრიბუციო ცენტრები და სასაწყობო ინფრასტრუქტურაც რჩება. სავაჭრო ქსელების დამფუძნებლის, რუსლან შოსტაკის მონაცემებით, ქვეყანაში არსებული თანამედროვე საწყობების თითქმის ნახევარი, კერძოდ 2.1 მილიონი კვადრატული მეტრი განადგურებულია.
საჰაერო თავდასხმებმა საფოსტო გადამზიდავ კომპანია Nova Poshta-ს, ფარმაცევტულ ჯგუფებსა და წიგნის გამომცემლობებს საქმიანობა მნიშვნელოვნად შეუფერხა. სათამაშოების უმსხვილესი რითეილერის, Budynok Ihrashok-ის ხელმძღვანელმა მარია ნაზარენკომ განაცხადა, რომ სადისტრიბუციო ცენტრის განადგურების გამო კომპანიას ლოგისტიკური მოდელის სრულად შეცვლა მოუწევს.
რაც შეეხება აგრარულ და სატრანსპორტო სექტორს, აქ ვითარებას შავი ზღვის ბლოკადა და სარკინიგზო ხაზებზე მიტანილი იერიშები ამძიმებს. ოფიციალური მონაცემებით, საზღვაო მარშრუტების შეზღუდვა უკრაინას მთლიანი შიდა პროდუქტის 1.5%-ის დაკარგვად უჯდება. აგრარული პოლიტიკის მინისტრის, ტარას ვისოცკის განცხადებით, ალტერნატიული გზებით ქვეყანა სტანდარტული მოცულობის მხოლოდ 40%-ის ექსპორტს ახერხებს. საინვესტიციო ბანკ Dragon Capital-ის მთავარი ეკონომისტის, ელენა ბილანის შეფასებით კი, შექმნილი კრიზისის გათვალისწინებით უკრაინა მიმდინარე წელს ეკონომიკურ ზრდას ვეღარ დააფიქსირებს. ეკონომისტი მოელის, რომ მიყენებული ზარალის ანაზღაურებას კერძო სექტორი ფასების გაზრდითა და ტვირთის მომხმარებელზე გადატანით შეეცდება.
























