„ომიკრონის“ მიმართ კიდევ უფრო ნაკლებად მგრძნობიარეა არსებული ტესტები, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, არის შემთხვევები, როდესაც განსაკუთრებით პირველ დღეს, ვირუსის კონცენტრაცია ორგანიზმში არ არის მაღალი, და ტესტი არ უჩვენებს დადებითს.
„არცერთი ტესტი მსოფლიოში 100%-იანი არ არის. მაგრამ „ომიკრონის“ მიმართ კიდევ უფრო ნაკლებმგრძნობიარეა არსებული ტესტები, ვიდრე „დელტა“ შტამის მიმართ, განსაკუთრებით სწრაფი ტესტები და განსაკუთრებით პირველ დღეს, როცა ვირუსის კონცენტრაცია ორგანიზმში მაღალი არ არის. ამიტომ შესაძლებელია, რომ ტესტმა, განსაკუთრებით სწრაფმა ტესტმა, ვირუსი ვერ დააფიქსიროს. PCR-ის შემთხვევაში ამის ალბათობა გაცილებით ნაკლებია. ზოგჯერ პაციენტებს ურჩევენ, რომ ტესტირება სიმპტომების გამოჩენიდან მეორე დღეს მოახდინონ და არა პირველივე დღეს. თუმცა მაინც შეიძლება იყოს პაციენტების გარკვეული რაოდენობა, რომლებსაც ტესტი დადებითს ვერც მეორე და მესამე დღეს უჩვენებს, მაგრამ კოვიდის ჩვენებები არის“, - განაცხადა ცერცვაძემ.
ის ასეთ პაციენტებს ურჩევს მოიქცნენ ისე, როგორც კოვიდინფიცირებულები.
„ექიმებსაც მივმართავ, რომ მათ მოექცნენ ისე, როგორც კოვიდიანებს. რატომ? იმიტომ ამით არაფერს დაკარგავს არც პაციენტი, არც ექიმი, თუ მას არ ექნება კოვიდი და მოვექცევით როგორც კოვიდიანს. საუბარია იზოლაციაზე. ისინი უნდა დარჩნენ სახლში, იყვნენ იზოლაციაში თუ სიმპტომები აქვთ 8 დღე და შემდეგ კიდევ 5 დღე ატარონ პირბადე. ამით არაფერი დაშავდება, თუ დამძიმდება პაციენტი და ჰოსპიტალში წაიყვანენ, თუნდაც კოვიდი არ ჰქონდეს, მერე რა? - ამითაც არაფერი შავდება. პირიქით, თუ ჩვენ ასეთ პაციენტს სერიოზულად არ ჩავთვლით, ვისაც ტესტი უარყოფითი გაქვს და ვეტყვით, რომ მისი ტესტის პასუხი უარყოფითია და არ იფიქრო კოვიდზე, აქ შეიძლება დაზარალდეს პაციენტიც, გადამდებიც შეიძლება იყოს და შესაძლებელია დამძიმდეს კიდეც“, - განაცხადა ცერცვაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში 13 იანვრის მდგომარეობით ლაბორატორიულად დადასტურებულია ომიკრონის 1009 შემთხვევა.




























