მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ომის 63-ე დღე: უკრაინა რუსეთის იზოლაციასთან დაკავშირებით სანქციების ახალ დინამიკას აანონსებს

6268ee07d4278
ვიქტორია მღებრიშვილი
27.04.22 11:27
888
უკრაინაში რუსეთის მიერ ფართომასშტაბიანი ომის წამოწყებიდან 63-ე დღე დაიწყო. უკრაინის გენშტაბის მიერ გავრცელებული ოპერატიული ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში მტერმა დონბასში ზარეჩნოეს და ნოვოტოშკოვსკოეს დასახლებულ პუნქტებე კონტროლი დააწესა.

მათივე ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გასულ დღე-ღამეში მტრის 4 ერთეული სპეციალური და 17 ერთეული ჯავშანტექნიკა, 3 სპეციალური საინჟინრო და 16 საავტომობილო ტექნიკა, ასევე 3 საწვავგამმართველი და ერთი საზენიტო მოწყობილობა გაანადგურეს.

მარიუპოლის მიმართულებით მტერი ცეცხლის წარმოებას არ წყვეტს და „აზოვსტალის“ ქარხანაში უკრაინელი დაჯგუფებების ბლოკირებას ახდენს. ქალაქში ოკუპანტები სამოქალაქო მოსახლეობაზე გაფილტვრის ღონისძიებების წარმოებას განაგრძობენ. გენშტაბის ცნობით, რუსეთის ჯარები შეტევით მოქმედებებს ხარკოვის მიმართულებით ახორციელებენ.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ ანტონ გერაშენკოს გუშინ ღამით გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სნეგიროვკას სამ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნეს.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით კი, რუსული ავიაცია უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთზეა კონცენტრირებული, რითაც რუსულ სახმელეთო ჯარებს ამაგრებს. ამავე დროს რუსეთს შეზღუდული წვდომა აქვს დასავლეთ უკრაინაზე, რითიც შემტევ მოქმედებებს ჩრდილოეთით დისტანციური შეიარაღების ღრმა დარტყმებით ზღუდავს.

ამავე დროს 27 აპრილის დილის საათებში რუსეთმა ოდესის ოლქის ყურეში მდინარე ლიმანზე საავტომობილო-სარკინიგზო ხიდზე განმეორებითი სარაკეტო დარტყმები განახორციელა. ინფორმაციას უკრანის რკინიგზის თავმჯდომარე ალექსანდრე კამიშინი ავრცელებს.

უკრაინის ტერიტორიაზე განვითარებული საბრძოლო მოქმედებების პარალელურად, პოლიტიკურ პლატფორმაზე ძალისხმევას არ იშურებენ ხელისუფლების პირველი პირები და დასავლეთის და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. 27 თებერვლის ღამეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ატომურ ობიექტებსა და ბირთვულ ტექნოლოგიებზე კონტროლის დაწესების საჭიროებაზე თავის ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

„იმ ყველაფრის შემდეგ, რაც რუსმა ჯარისკაცებმა ჩერნობილის და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურებზე გააკეთეს, ვთვლი, რომ მსოფლიოში უსაფრთხოდ თავს არავინ უნდა გრძნობდეს, იმის გათვალისწინებით, რომ ვიცით რა რაოდენობის ბირთვული იარაღი და ტექნოლოგიები აქვს რუსეთს. თუ რუსეთში დაივიწყეს რა არის ჩერნობილი, ეს ნიშნავს, რომ რუსულ ატომურ ობიექტებსა და ბირთვულ ტექნოლოგიებზე კონტროლის დაწესება მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტი და ხელისუფლების წარმომადგენლები კი თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში დასავლეთის ქვეყნებს დახმარებისა და რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესების მოთხოვნით მიმართავდნენ. შედეგიც მიიღეს აშშ-მ, ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა და ცალკეულმა ქვეყნებმა რუსეთი ფაქტობრივად რკინის ფარდის მიღმა დატოვეს. გუშინ ამ საკითხთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ მორიგი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ რუსეთის იზოლაციისთვის სანქციების და იარაღთან მიმართებით სრულიად ახალი დინამიკა დაიწყება.

„ეს რამდენიმე კვირიანი უდიდესი შრომის შედეგია, ჩვენ ვანგრევდით კედელს და დავანგრიეთ ის და თქვენ დაინახავთ ბევრი პროცესის სრულიად ახალ დინამიკას - სანქციებთან, იარაღთან და რუსეთის იზოლაციასთან მიმართებით“, - განაცხადა მან.

სანქციებთან მიმართებით მან ის დოკუმენტი დაასახელა, რომელიც პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის და აშშ-ის ყოფილი ელჩის რუსეთში მაიკლ მაკფოლის ხელმძღვანელობით ექსპერტთა ჯგუფმა შეიმუშავა და რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაფართოების მექანიზმს მოიცავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები