რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპის 1%-მდე შენელების ფონზე, ვლადიმირ პუტინმა ახალი საგადასახადო ინიციატივები დააანონსა და საკანონმდებლო ორგანოს ამ მიმართულებით მუშაობის დაწყებისკენ მოუწოდა.
პრეზიდენტის განცხადებით, ომის პირობებში ბიუჯეტის დეფიციტის შესავსებად და სამხედრო ხარჯების დასაფინანსებლად აუცილებელია მოსახლეობასა და ბიზნესზე საგადასახადო ტვირთის გაზრდა, მათ შორის დღგ-ის ზრდის მეშვეობით.
რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გარდა დღგ-ისა, დაგეგმილია მცირე ბიზნესისთვის საგადასახადო შეღავათების გაუქმება და ახალი მოსაკრებლების დაწესება კაზინოებსა და სხვა სექტორებზე.
ამასთან, კრემლი აქტიურად განიხილავს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქტივების გასხვისების სტრატეგიას, რაც კრემლს ფინანსური რესურსების მოზიდვის საშუალებას მისცემს. თუმცა, საპირწონედ ამისა, მთავრობა იძულებით იწყებს საშუალო ზომის ბიზნესის ნაციონალიზაციას, რომელსაც ის ეროვნული ინტერესებით ამართლებს.
ცნობისთვის, 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სახელმწიფო ხარჯების თითქმის 40% კვლავ შეიარაღებულ ძალებსა და უსაფრთხოების სტრუქტურებზე ნაწილდება, თავად ამ სექტორებიდან საბიუჯეტო შემოსავალი კი ფაქტობრივად ნულოვანია, ანუ ქვეყნის მოსახლეობა ყველაზე მეტ ფულს სწორედ ომის დაფინანსებაში ხარჯავს, საიდანაც რუსეთი ეკონომიკურ სარგებელს ვერ იღებს.
ექსპერტების ვარაუდით, გადასახადების გაზრდა კიდევ უფრო შეამცირებს ადგილობრივ მოხმარებას და გაზრდის ინფლაციურ ზეწოლას, რაც რუსეთის ეკონომიკას სტაგნაციიდან რეცესიაში გადაიყვანს.




























