ღაზის სექტორში, ისრაელსა და “ჰამასს” შორის მიმდინარე ომის დასასრულებლად და რეგიონში ვითარების დასასტაბილურებლად ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზება არის საჭირო, - ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა “მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე” განაცხადა, რომელიც დავოსში იმართება. მისივე თქმით, ორი ქვეყნის დაახლოება რეგიონში არსებულ თამაშის წესებს შეცვლის.
“ნათელია, რომ ის გამოსავალი, რომელსაც საუდის არაბეთი პროცესის ნორმალიზებისთვის გვთავაზობს, მნიშვნელოვანია ომიდან გამოსასვლელად და სხვა ეტაპზე გადასასვლელად. პროცესი ჯერაც დელიკატური და ფაქიზია და დიდ დროს წაიღებს, მაგრამ, ვფიქრობ, ეს რეგიონში უკეთესი მომავლის შესაქმნელად წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, რომელიც რეგიონში თამაშის წესებს შეცვლის”, - განაცხადა ისააკ ჰერცოგმა დავოსში.
ცნობისთვის გეტყვით, რომ საუდის არაბეთი, რომელიც ისრაელთან ერთად ახლო აღმოსავლეთში ამერიკის შეერთებული შტატების მთავარ მოკავშირედ ითვლება, ამ ეტაპზე და ისტორიულად, ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზებისგან თავს იკავებს და ამ მრავალწლიან კონფლიქტში პალესტინის მხარეს დგას. გასული წლის იანვარში, ამ თემაზე გაერთიანებულ სამეფოში საუდის არაბეთის ელჩმა, უფლისწულმა ხალიდ ბინ ბანდარმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი სახელმწიფო დაინტერესებულია ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებით, მაგრამ ეს საკითხი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებაზე არის დამოკიდებული.
შეგახსენებთ, რომ შვეიცარიის ქალაქ დავოსში “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი” იმართება, რომელსაც ქვეყნების ლიდერები, საერთაშორისო კორპორაციების დამფუძნებლები, ბიზნესლიდერები, აკადემიური წრეებისა და პოპულარული კულტურის წარმომადგენლები ესწრებიან. დავოსის “მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე” საქართველო ოფიციალური დელეგაციითაა წარმოდგენილი, რომელსაც პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს. ფორუმი 15 იანვარს დაიწყო და 19 იანვარს დაიხურება.