ევროპის ყველაზე მსხვილი ბიუჯეტური ავიაკომპანია Ryanair უკრაინაში ომის დასრულებისთანავე დაბრუნდება.
ავიაკომპანიის გეგმებზე გენერალურმა დირექტორმა მაიკლ ო’ლირმა გასულ კვირაში ისაუბრა. კერძოდ, თქვა, რომ ომის დასრულებისთანავე რამდენიმე კვირაში Ryanair-ის მეშვეობით უკრაინის მთავარი აეროპორტები ევროპის დედაქალაქებს დაუკავშირდება.
ამას გარდა, იგეგმება უკრაინაში 30-მდე Boeing-ის მიერ წარმოებული ბაზირებული ხომალდის დამატება, რომელთა ჯამური ღირებულება 3 მილიარდ დოლარს აღემატება. ხომალდების ბაზირება ქვეყნის მთავარ სამ აეროპორტში მაშინვე მოხდება, როგორც კი ევროპული რეგულატორები უკრაინის საჰაერო სივრცეს უსაფრთხოდ გამოაცხადებენ.
უკრაინასთან დაკავშირებულ გეგმებზე მაიკლ ო’ლირმა კიევში, ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტში სტუმრობისას ისაუბრა.
ავიაკომპანია გეგმავს, უკრაინის ქალაქებიდან ევროპის მიმართულებით კვირაში 600-მდე ფრენა შეასრულოს.
რაც შეეხება საქართველოს, ევროპის ყველაზე მსხვილი ბიუჯეტური ავიაკომპანია ქართულ ბაზარს პანდემიის შემდეგ აღარ დაბრუნებია.
ჯერ კიდევ თებერვალში აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი ირაკლი ქარქაშაძე BMG-თან საუბრისას ამბობდა, რომ Ryanair საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლას 2023 წლიდანაც არ განიხილავდა.
სხვა ავიაკომპანიებთან შედარებით მისი შემოსვლა კიდევ უფრო კომპლექსური საკითხია, რადგან ისინი ბაზარზე საკმაოდ “აგრესიულად” [ბევრი მიმართულებით ფრენებით] შედიან. კომპანიასთან მოლაპარაკებები გვაქვს, თუმცა ვიმეორებ 2023 წლის ზაფხულისთვის მის შემოსვლას არ ველოდებით. ისინი ბაზარზე მცირე რაოდენობის ფრენებით არ შედიან და საკითხავია რამდენად არის ქართული ბაზარი მზად იმისთვის, რომ ორმა დიდმა მოთამაშემ [Ryanair; Wizz air] ერთმანეთს კონკურენცია გაუწიონ. ასე რომ საკმაოდ ბევრი კომერციული საკითხია",-ამბობს ქარქაშაძე.