უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგულ მედია France 2-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე ქვეყანამ ბრძოლის ველზე 55,000 ჯარისკაცი დაკარგა.
როგორც ზელენსკი განმარტავს, ამ რიცხვში შედიან როგორც რეგულარული არმიის წევრები, ისე სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამოძახებული წვევამდელები. უკრაინის ლიდერმა ასევე თქვა, რომ რუსული სამხედრო აგრესიის დაწყებიდან დღემდე დაღუპული და დაკარგული მშვიდობიან მოქალაქეების რაოდენობაც დიდია, თუმცა, ამ შემთხვევაში, ზელენსკის მათი რიცხვი არ დაუსახელებია. მას არ უსაუბრია არც იმ ჯარისკაცების რაოდენობის შესახებ, რომლებმაც საომარი მოქმედებებისას სერიოზული დაზიანებები მიიღეს და ამის გამო ბრძოლის გაგრძელებას ვეღარ მოახერხებენ.
ცნობისთვის, ბოლოს ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაღუპულ ჯარისკაცთა რაოდენობაზე გასული წლის თებერვალში, ამერიკულ ტელეარხ NBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა, სადაც განაცხადა, რომ 3 წლის განმავლობაში სამხედრო დანაკარგი 46,000 ჯარისკაცი იყო. განახლებული სტატისტიკით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბოლო 1 წელიწადში უკრაინამ რუსეთთან ომში 9,000 სამხედრო დაკარგა, რაც ანალიტიკოსების ნაწილის შეფასებით, არ უნდა ასახავდეს სრულ სურათს. ზელენსკის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთის მიერ დაწყებული, არაპროვოცირებული სამხედრო აგრესია ათასობით ჯარისკაცის სიცოცხლეს იწირავს.
უკრაინის პრეზიდენტი მოელის, რომ დასავლური სამყაროს მხარდაჭერა ომში მყოფი მოკავშირის მიმართ შენარჩუნდება და ქვეყანა თავისი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გაგრძელებას შეძლებს. შეგახსენებთ, ამჟამად, ამერიკული მხარის შუამავლობით რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების საკითხზე აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. სწორედ 4-5 თებერვალს იმართება რიგით მე-3 სამმხრივი დიპლომატიური შეხვედრა, რომელსაც არაბთა გაერთიანებული საამიროები მასპინძლობს და რომლის მთავარ გამოწვევად კვლავ დონბასის რეგიონის საკითხი რჩება.




























