ნავთობის ფასების ზრდის ბოლოდროინდელი ტენდენცია კვლავ გრძელდება. აშშ-სა და ირანს შორის საპასუხო დარტყმების ფონზე, ნავთობის ფასებმა ბოლო ექვსი კვირის უმაღლეს ნიშნულს მიაღწია.
23 ივლისის 11:30 საათის მდგომარეობით, WTI მარკის ნავთობი ბარელზე 89.35 დოლარად ივაჭრება (მატება წინა დღესთან შედარებით 2.91%-ია), ხოლო Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 3.7%-ით გაიზარდა და ბარელზე 97.6 დოლარი შეადგინა.
ფასების ზრდა აშშ-ის მიერ ირანის სამხედრო ობიექტებზე განხორციელებული საჰაერო დარტყმების ზედიზედ მე-12 ტალღას მოჰყვა. ამავდროულად, იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტებმა გააძლიერეს მუქარა წითელ ზღვაში ნავთობის გადაზიდვებზე, ხოლო ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში ნავთობტანკერს ცეცხლი გაუჩნდა.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ამერიკულმა ძალებმა, პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით, ოთხშაბათს დარტყმების ახალი რაუნდი დაიწყეს.
მსოფლიოს ყველაზე სტრატეგიულ საზღვაო გასასვლელზე განახლებულმა მუქარამ და დიპლომატიური პროგრესის სრულმა არარსებობამ კვლავ გააძლიერა მიწოდების სერიოზული შეფერხების შიში ბაზარზე, რომელმაც უკვე დახარჯა საკუთარი რეზერვების მნიშვნელოვანი ნაწილი.




























