ბევრი საერთაშორისო კომპანია რუსეთის ბაზრიდან დღემდე არ გამოსულა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლონდონში მიმდინარე Joint Expeditionary Force-ზე ონლაინგამოსვლისას განაცხადა.
„სერიოზული სანქციების მიუხედავად ბევრი საერთაშორისო კომპანია რუსეთის ბაზრიდან ამ დრომდე არ გასულა. თქვენთვის ეს ბრენდები ცნობილია. ჩვენ ამის შესახებ მეტი ვიცით, რადგან ყოველდღიურ ომში ვართ ჩართული და თვალყურს ვადევნებთ როგორ მუშაობს ეს (სანქციები). ეს ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნების მიერ ამოქმედებული მძლავრი სანქციები, რომლებიც რეალურად მუშაობს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ზოგიერთ კომპანიას, რომელმაც რუსეთის ბაზრიდან გამოსვლის განცხადება გააკეთა, სინამდვილეში დრო გაჰყავს და ელოდება, რით დასრულდება ყველაფერი და როდის შეძლებენ რუსულ ბაზარზე დაბრუნებას.
„ამ ომმა უკრაინაში უკვე 97 ბავშვი შეიწირა. Nestle კი ვაჭრობას მაინც აგრძელებს, ისინი არ ითვლიან რაკეტებით, არტილერიით რამდენი ქალაქი განადგურდა. Philip Morris-ი აგრძელებს ფულის გამომუშავებას. ისინი ყურადღებას არ აქცევენ 800-ზე მეტ რუსულ რაკეტას, რომლებიც უკვე დაეცა უკრაინის მიწაზე, ეს ოფიციალური მონაცემებია. რაიფაიზენი და სხვა ბანკები ატარებენ ფულს, რომელიც სისხლშია დასვრილი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი სიტყვებით, კომპანიები, რომლებმაც რუსეთიდან გასვლის შესახებ განაცხადეს, თანამშრომლებს არ ათავისუფლებენ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს უკრაინის მოტყუებაა.
„სიმართლე გითხრათ, ვერ ვხედავ, ვინ შეძლებს ჩვენს დახმარებას. არანაირი საერთაშორისო გავლენა კორპორაციებზე ჩვენ არ გვაქვს. თუ ისინი სისხლს აიგნორებენ, მსოფლიოს არაფრის გაკეთება არ შეუძლია მაშინ, როდესაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე საშინელი ომი გრძელდება“, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, Nestle-მ რუსეთის ბაზარზე ოპერაციების მოცულობა შეამცირა, Philip Morris-მა კი ახალი ინვესტიციების განხორციელება შეაჩერა. სულ 300-ზე მეტმა საერთაშორისო კომპანიამ რუსეთის ბაზარზე საქმიანობა შეაჩერა ან ოპერაციები შეამცირა.




























