გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის ორგანიზებით, ოთხშაბათს ევროპის ლიდერი ქვეყნები უკრაინასთან ერთად საერთო ვირტუალურ შეხვედრას გამართავენ და მას ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც დაესწრება.
საგანგებო შეხვედრის ორგანიზება სრულადაა დაკავშირებული ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების პარასკევს ჩანიშნულ შეხვედრასთან, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ყველაზე ისტორიულ სამიტად უკვე ფასდება.
კანცლერის ოფისის განცხადებით, შეხვედრის მთავარი მიზანი იმ მოსაზრებების ტრამპისთვის გაზიარებაა, რომელიც ევროპელ ლიდერებსა და პრეზიდენტ ზელენსკის აქვთ. ვირტუალური შეხვედრის მონაწილეები მოელიან, რომ პარასკევს, ალასკაში ჩასული ტრამპი მაქსიმალურად მკაცრი და მიმწოლი იქნება.
მერცის პრეს-სამსახურის განცხადებით, კანცლერი პრეზიდენტ ტრამპს ომის დასრულების თავის ხედვასაც წარუდგენს. როგორც ირკვევა, გერმანიის ლიდერი სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებას ცეცხლის შეწყვეტის გარეშე უაზროდ მიიჩნევს და თვლის, რომ უკრაინის ტერიტორიების შესახებ გარიგება თავად უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე არ უნდა მოხდეს.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის პარასკევს, ალასკაზე ისტორიული შეხვედრა გაიმართება. ომის დაწყების შემდეგ, საერთაშორისო იზოლაციაში მოქცეული რუსეთის პრეზიდენტი მსგავსი რანგის დასავლელ ლიდერს პირველად შეხვდება. უცნობია, რა შედეგით დასრულდება მოლაპარაკებები, თუმცა უკრაინული მხარე მკაფიოდ აცხადებს, რომ თუ საქმე ტერიტორიების დათმობას შეეხება, ამ ნაბიჯზე ისინი არასდროს წავლენ.




























