"ვსაუბრობთ პარტნიორებთან, რომ გარკვეული მაკომპენსირებელი ღონისძიებები დაიგეგმოს და გარკვეული რესურსები მიიღოს საქართველომ, რომ შევამციროთ ის გავლენა, რაც ომს შეიძლება ჰქონდეს" - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა "იმედის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ომის მონაწილე მხარეები საქართველოს ტოპ-10 უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორისაა, შესაბამისად ომს თავისი გავლენა ექნება ეკონომიკაზე. ეკონომიკის მინისტრი არ აკონკრეტებს, რა მაკომპენსირებენ ღონისძიებებს განიხილავენ საერთაშიროსო პარტნიორებთან, თუმცა როგორც ამბობს, ყველაფერი დამოკიდებული იქნება ომის ხარგრძლივობასა და მის გავლენაზე.
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით პროცესებს. შესაბამისი ანალიზი კეთდება ეკონომიკურ გუნდში, მათ შორის გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან, აშშ-სთან, ევროპასთან, რადგან მომავალში მოსალოდნელია გარკვეული ზიანი საქართველოს ეკონომიკაზე და არამარტო. ვსაუბრობთ პარტნიორებთან, რომ გარკვეული მაკომპენსირებელი ღონისძიებები დაიგეგმოს და გარკვეული რესურსები მიიღოს საქართველომ, რომ შევამციროთ ის გავლენა, რაც ომს შეიძლება ჰქონდეს. რთულია კონკრეტული პროგნოზები გავაკეთოთ. ბევრი დაშვებაა და დამოკიდებულია, რამდენ ხანს გაგრძელდება ომი, რამდენად მძიმე იქნება ეფექტები, როგორი იქნება სანქციების ეფექტები.
ჩვენ ამ მომენტისთვის ვსაუბრობთ IMF-თან. ალბათ მოგვიწევს ერთობლივი ანალიზის გაკეთება. რა თქმა უნდა გვაქვს გარკვეული დაშვებები, სხვადასხვა შეფასება გვაქვს ეკონომიკური ზრდის, თუმცა ჯერ ვაკვირდებით მოვლენებს.
ჯერჯერობით წელი ეკონომიკური კუთხით პოზიტიურად დაიწყო, იანვარში ეკონომიკის 18%-ზე მეტი ზრდა გვქონდა, ასევე რეკორდული სავაჭრო ბრუნვა 2021 წელს. მათ შორის FDI-ის კუთხით გაზრდილია დინამიკა, მაკროეკონომიკური გარემო სტაბილურია. ყველაფერი დამოკიდებულია, რამდენად რთული იქნება ეს სიტუაცია ეკონომიკური კუთხით მომავალში. ვხედავთ საწვავის ფასები გაზრდილია,რაც ინფლაციურ წნეხს ქმნის, არის გარკვეული გადაწყვეტილებები. საუბარია, რომ შეიძლება ნავთობის წარმოება გაიზარდოს...ბევრი ცვლადია“,-თქვა ეკონომიკის მინისტრმა.




























