უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მიმდინარე ომი კიევს ამ დრომდე $320 მილიარდი დაუჯდა - ამის შესახებ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმ ინიციატივის შეფასებისას განაცხადა, რომლითაც ტრამპმა $500 მილიარდის სანაცვლოდ უკრაინისგან იშვიათი მინერალების გადაცემა მოითხოვა.
ზელენსკიმ განმარტა, რომ ომი $320 მილიარდი დაჯდა, საიდან, დაახლოებით, $120 მილიარდი უკრაინის ბიუჯეტიდან დაფინანსდა, $200 მილიონი კი ევროკავშირისა და აშშ-ის კონტრიბუცია იყო. მისივე თქმით, შტატებმა კიევი $67 მილიარდის ღირებულების იარაღით მოამარაგა.
"$500 მილიარდზე საუბარი არ არის, ეს არასერიოზულია", - განაცხადა ზელენსკიმ. მანვე განმარტა, რომ უკრაინის დახმარების 90% აშშ-ზე არ მოდის, როგორც ამას ტრამპი ამტკიცებს, თუმცა დახმარებისთვის მადლიერებას გამოხატავს.
აშშ-სთვის იშვიათი მინერალების მიყიდვის საკითხზე ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ იგი უკრაინას იცავს და თავისი სახელმწიფოს გაყიდვას არ აპირებს.
კიევში პრესკონფერენციაზე პრეზიდენტი ზელენსკი ტრამპის კრიტიკასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც უკრაინელებს შესაძლოა ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება სურდეთ, რადგან არჩევნები ქვეყანაში 2019 წლის შემდეგ არ ჩატარებულა და ზელენსკის რეიტინგი "4%-მდე შემცირდა".
"პრეზიდენტ ტრამპის, როგორც ლიდერისადმი, დიდი პატივისცემის მიუხედავად, იგი დეზინფორმაციის სივრცეში ცხოვრობს", - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, 4%-იანი მაჩვენებელი რუსული დეზინფორმაციაა და, სინამდვილეში, გამოკითხვის თანახმად უკრაინელი ხალხის 58% ლიდერად კვლავ მას აირჩევდა.




























