მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ომთან დაკავშირებული მიგრაციის, ტურიზმისა და ექსპორტის ჯამური ეფექტი - უარყოფითია“

6375fc29cc002
ვიქტორია მღებრიშვილი
17.11.22 13:21
514
ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ომთან დაკავშირებული მიგრაციის, ტურიზმისა და ექსპორტის ჯამური ეფექტი - უარყოფითია. ამის შესახებ მან პარლამენტში საშემოდგომო სესიის პლენარულ სესიაზე სახელმწიფო ბიუჯეტი 2023-ს წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკურ ზრდას მნიშვნელოვანი რისკები შეუქმნა რუსეთ-უკრაინის ომმა და რუსეთისა და ბელორუსისთვის დაწესებულმა სანქციებმა. თუმცა, ამის მიუხედავად, ტურიზმისა და ექსპორტის აღდგენის მაღალმა ტემპებმა, გადაწონა აღნიშნული რისკები და საგარეო სექტორმა იმაზე მნიშვნელოვნად მაღალი კონტრიბუცია შეიტანა ეკონომიკურ აღდგენაში, ვიდრე 6-პროცენტიანი ზრდის სცენარში იყო ნავარაუდევი.

„2022 წელს არსებული პროგნოზით, რეალური ეკონომიკური ზრდა 8.5%-ია, ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე 6 500 დოლარს გადააჭარბებს, თუმცა აღნიშნულ მაჩვენებელს ჩვენ მომდევნო კვირაში ზრდის მიმართულებით გადავხედავთ. პანდემიის დროინდელი შენელების შემდეგ, აღდგენა დაიწყო ინვესტიციების მოცულობამაც, რაც საშუალო და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. 2022 წლის მეორე კვარტალში ინვესტიციების მოცულობამ მშპ-სთან მიმართებით 26,6% შეადგინა, რაც აღემატება 2019 წლის საშუალო მაჩვენებელს“, - განაცხადა მინისტრმა.

როგორც გამოსვლისას ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, 2023 წლის პირველ 9 თვეში ექსპორტი 37.4%-ით, ხოლო იმპორტი 34.3%-ით გაიზარდა.

„საერთო ჯამში, ექსპორტის საკმაოდ დივერსიფიცირებული ზრდა ფიქსირდება, თუმცა, უმნიშვნელო კლებაა ტრადიციულ საექსპორტო პროდუქტებში, როგორიცაა ღვინო და მინერალური წყლები და ეს კლება რუსეთის სანქცირებითაა გამოწვეული. პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა წლის პირველ ნახევარში 923 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მშპ-ის 8.8%-ია. აღნიშნული მაჩვენებელი მცირედით აჭარბებს 2018-2019 წლების საშუალო მაჩვენებელს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, წლის დასაწყისიდან 9 თვის სტატისტიკაზე დაყრდნობით, ტურიზმის აღდგენამ 97.5% შეადგინა, ხოლო რუსეთისა და უკრაინის გარეშე 98.1%.

ჯამში, 9 თვის ექსპორტის ზრდამ 37.4% შეადგინა, ხოლო რუსეთისა და უკრაინის გარეშე - 47.1%.

„ტურიზმი ეკონომიკური აღდგენის უმთავრესი კონტრიბუტორია. წლის დასაწყისში ჩვენ ველოდით ტურიზმის 70%-იან აღდგენას, თუმცა ჩვენ 9 თვეში უკვე, პრაქტიკულად, 100%-იანი აღდგენა გვაქვს ნომინალურ გამოსახულებაში. რაც შეეხება ვიზიტორების სტატისტიკას, აღდგენის მაჩვენებელი რაოდენობაში, საშუალოდ, 60%-დეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტურიზმს კვლავ რჩება პოტენციალი, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს შემდგომი წლების ეკონომიკურ ზრდაში.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ომის გავლენა ეკონომიკაზე საკმაოდ მრავალმხრივია და ჯამური ეფექტის შეფასება ამ ეტაპზე რთულია, მაგრამ საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე რამდენიმე ფაქტორზე შევაჩერებ ყურადღებას.

ომის არაპირდაპირი ეფექტები, როგორიცაა: რეგიონში საინვესტიციო კლიმატის გაუარესება, ლოგისტიკური პრობლემები და ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა, გაცილებით მნიშვნელოვან რისკებთანაა დაკავშირებული, ვიდრე ისეთი პირდაპირი ეფექტები, როგორიცაა: ექსპორტი, მიგრაცია, ფულადი გადმორიცხვები და ასე შემდეგ. თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც პოსტპანდემიური აღდგენა, განსაკუთრებით - ტურისტულ ქვეყნებში, თუ ეს ქვეყანა რუსეთის სამეზობლოშია, ხშირად მიგრაციულ ტალღებსა და ომთან დაკავშირებულ სხვა მოვლენებს მიეწერება.

ბუნებრივია, მიგრაციული ტალღების ეფექტი ეკონომიკაზე დადებითია, განსაკუთრებით - თუ საქმე ეხება შედარებით მაღალშემოსავლიანი ადამიანების მიგრაციას, თუმცა მხოლოდ ამ პირდაპირი ეფექტების ანალიზიც კი აჩვენებს, რომ ომთან დაკავშირებული მიგრაციის, ტურიზმისა და ექსპორტის ჯამური ეფექტი - უარყოფითია, რომ აღარაფერი ვთქვათ ინფლაციასა და საინვესტიციო კლიმატზე.

თუ დავუშვებთ, რომ ომის გარეშე რუსეთისა და უკრაინის აღდგენაც სხვა ქვეყნების მსგავსი იქნებოდა, როგორც ექსპორტში, ასევე, ტურიზმში, წმინდა ეფექტი შემოდინებებში უარყოფითია, ხოლო მაღალი ეკონომიკური აღდგენის მთავარი კონტრიბუტორი ტურიზმისა და ექსპორტის სწრაფი აღდგენის ზოგადი ტენდენციაა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, მზარდი ჯამური ინვესტიციების ფონზე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაღალ დონეზე შენარჩუნება მნიშვნელოვანია საშუალოვადიანი პერიოდისთვის.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მნიშვნელოვნად უმჯობესდება და უბრუნდება პანდემიამდე არსებულ დონეს. მინისტრის თქმით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 7%-ზე მნიშვნელოვნად ნაკლები იქნება.

„მთავარ გამოწვევად რჩება ინფლაცია, რაც ბოლო წლებში ჯერ პანდემიის, ხოლო შემდეგ უკრაინაში რუსეთის ომთან დაკავშირებული მოვლენების შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა. მიუხედავად ამისა, ბოლო თვეებში ინფლაციამ დაიწყო შემცირება და ველოდებით, რომ საბაზისო ეფექტის ამოწურვასთან ერთად, 2023 წლის მეორე ნახევარში უფრო დაუახლოვდება მიზნობრივ მაჩვენებელს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები