“OMV Petrom ადასტურებს, რომ შავ ზღვაში საქმიანობის გაფართოების მიზნით, კომპანიამ მონაწილეობა მიიღო ღია საერთაშორისო ტენდერში, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, შავ ზღვაში მდებარე სალიცენზიო ბლოკების ძებნა-ძიებისა და მოპოვებისთვის გამოცხადდა. OMV Petrom-ი თვალს ადევნებდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებას და ამჟამად კომპანია მოელის ოფიციალურ დადასტურებას აუქციონის პროცესის წარმატებით დასრულების შესახებ,”- ნათქვამია OMV Petrom-ის მიერ BMG-ისთვის გაგზავნილ წერილში.
BMG-სთან საუბარში საქართველოს ნავთობისა და გაზის სააგენტოს უფროსი, გიორგი ტატიშვილი ამბობს, რომ OMV Petrom-მა საერთაშორისო აუქციონში გამარჯვების შესახებ სააგენტოსგან ელექტრონული წერილი უკვე მიიღო, ამასთანავე, კომპანიას შესაბამისი დასტური ფიზიკური ფოსტის მეშვეობითაც გაეგზავნა, რომელსაც კომპანია უახლოეს პერიოდში მიიღებს. შესაბისი დასტურის მიღების შემდეგ კი კომპანიამ 30-დღიან ვადაში გარანტიის სახით 1.67 მილიონი დოლარი უნდა წარმოადგინოს.
“შემდგომი პროცედურა არის ასეთი, ამავე წერილით მათ განესაზღვრათ 30 დღე რა ვადაშიც უნდა წარმოადგინონ საბანკო გარანტია, რაც არის $1,670,000 დოლარი და კორპორატიული რეგისტრაციის დოკუმენტაცია. როგორც კი ეს დოკუმენტები და საბანკო გარანტია იქნება წარმოდგენილი, ჩვენ მათთან უკვე ვიწყებთ მოლაპარაკებას უშუალოდ ხელშეკრულების დეტალებზე. შემდგომ როდესაც მოლაპარაკება დასრულდება ამისთვის გვაქვს ვადა 6 თვე, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ბევრად უფრო მალეც დამთავრდეს ეს მოლაპარაკებები. გაფორმდება ხელშეკრულება და მათ როგორც ლიცენზიანტებს შეეძლებათ განახორციელონ იმ პირობების შესრულება, რაც ტენდერში იყო ჩადებული,”- ამბობს გიორგი ტატიშვილი.
სააგენტოს ინფორმაციით, მოლაპარაკებების შემდეგ OMV Petrom-თან ე.წ. Profit Sharing Agreement-ი გაფორმდება, რაც შემოსავლის განაწილების ხელშეკრულებას გულისხმობს.
ხელშეკრულების პირველი ნაწილი ძებნა-ძიების სამუშაოების განხორციელება იქნება, ხოლო მეორე ნაწილი კი უშუალოდ ნაპოვნი ბუნებრივი რესურსების მოპოვების ეტაპია. კითხვაზე თუ რა მოცულობის ინვესტიცია არის საჭირო იმისთვის, რათა ძებნა-ძიება ჩატარდეს, გიორგი ტატიშვილი პასუხობს, რომ სავარაუდოდ ამ ეტაპის საინვესტიციო მოცულობა $30 მილიონი დოლარი შეიძლება იყოს. უშუალოდ მოპოვების დაწყება კი ბევრად უფრო კაპიტალტევადი პროცესია.
ნავთობისა და გაზის სააგენტოში ამბობენ, რომ შავი ზღვის სალიცენზიო ბლოკი არსებული მონაცემებით, ნავთობზე მეტად, ბუნებრივი აირის მარაგებით უფრო მიმზიდველია.
OMV Petrom-ის შესახებ:
OMV Petrom-ი რუმინეთის ნავთობისა და ბუნებრივი აირის სექტორის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა. კომპანია ფლობს 860 მეგავატიანი სიმძლავრის ელექტროსადგურს და ფარავს რუმინეთის ენერგომოხმარების დაახლოებით 10%-ს. ის ავსტრიული ნავთობკომპანია OMV ჯგუფის წევრია.
Forbes-ის 2019 წლის მონაცემებით OMV Group-ი არის ავსტრიის მეორე უმსხვილესი, ხოლო ევროპის მასშტაბით N79-ე უდიდესი კომპანია.
OMV ნავთობის ძებნა ძიებისა და მოპოვების სამუშაოებს აწარმოებს, ცენტრალურ და აღმოსვლეთ ევროპის ქვეყნებში, ჩრდილოეთ ზღვაზე და ახლო აღმოსავლეთში. OMV ნავთობგადამამუშავებელი საქმიანობას ძირითადად აწარმოებს ავსტრიაში გერმანიში და რუმინეთში. გადამუშავებული პროდუქციის მოცულობამ 2019 წელს 24,9 მლნ ტონა შეადგინა. OMV ასევე ფლობს 2100-ზე მეტ ბენზინგასამართ სადგურს ევროპის 10 ქვეყანაში.
II სალიცენზიო ბლოკის ფართობი 5,282 კვადრატული კილომეტრია.
