მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეტაპზეა OMV Petrom-ის ნავთობის საძიებო სამუშაოები საქართველოს სანაპიროსთან?

64a3de18f4015
შოთა ტყეშელაშვილი
04.07.23 13:30
5027
რუმინულმა OMV Petrom-მა საქართველოს შავი ზღვის შელფზე ნავთობის კვლევა-ძიების ლიცენზია 2021 წელს მოიპოვა. კომპანიასთან არსებული სალიცენზიო ხელშეკრულება 5,300 კვადრატული კილომეტრის ფართობის შესწავლას მოიცავს.

კომპანიამ 2022 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, საქართველოს სალიცენზიო ბლოკში სახელმწიფოსთან კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოები 2022 წლის პირველ კვარტალში შესრულდა, ხოლო უშუალოდ სეისმური ძებნა-ძიების სამუშაოები 2023 წელს არაა დაგეგმილი.

ფინანსური ანგარიშის მიხედვით, OMV Petrom-მა რუმინეთში ახალი საბადოს ათვისების შედეგად, 2022 წელს თავისი შემოსავალი რამდენჯერმე გაზარდა. კომპანიის მთლიანი შემოსავალი გასულ წელს 62.7 მილიარდ რუმინულ ლეის შეადგენდა, რაც 13.8 მილიარდი დოლარის ტოლია. ამასთან, კომპანიის წმინდა მოგებამ 10.3 მილიარდი რუმინული ლეი შეადგინა, რაც 2.27 მილიარდ დოლარს უდრის.

2022 წლის განმავლობაში OMV Petrom-მა 2.9 მილიონი ტონა ნავთობი და 3.45 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი აწარმოა. ამასთან, კომპანიის მთლიანი დამტკიცებული მარაგები 31.9 მილიონ ტონა ნავთობს და 23 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მოიცავს.

კომპანიის სალიცენზიო არეალი ამჟამად რუმინეთს, ბულგარეთსა და საქართველოს მოიცავს.

OMV-სა და საქართველოს სახელმწიფოსთან არსებული კონტრაქტი გულისხმობს შავი ზღვის კონტინენტურ შელფში (ფართობი 5282 კმ2), 25 წლის ვადით გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემების მოპოვებას, შეძენას, დამუშავებას და ხელახალ ინტერპრეტაციას - ნავთობისა და გაზის მოსაპოვებლად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები