პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ირანის წინააღმდეგ მკაცრი სამხედრო ზომების გატარების შესახებ გაკეთებულმა განცხადებამ ინვესტორებში დიდი მღელვარება გამოიწვია. საჯარო მიმართვის დროს, ტრამპმა თეირანზე „უკიდურესად ძლიერი“ დარტყმების განხორციელების პირობა დადო და თქვა, რომ აშშ-ის არმადა ირანს ქვის ხანაში დააბრუნებდა.
აღსანიშნავია, რომ ინვესტორები საპირისპირო განცხადებას და ომის დასრულების მიმართულებით პოზიტიური სიახლის გავრცელებას ელოდნენ, თუმცა პრეზიდენტის განწყობა მკვეთრად აგრესიული აღმოჩნდა.
ცხადია, ომის დასრულებასთან დაკავშირებით იმედების გაქრობამ საფონდო ბირჟაზე ისევ ნეგატიური განწყობა დააბრუნა. მაგალითად, აზიური ინდექსების შეფასება საშუალოდ 2.5%-ით დაეცა, ევროპის მასშტაბით 1.5%-იანი კორექციაა, ხოლო ამერიკულ ბირჟაზე წინასავაჭრო რეჟიმში საშუალოდ 1%-იან ვარდნას ვხედავთ.
ომის რისკების ზრდის ფონზე, თითქმის 7%-ით გაიზარდა ნავთობის შეფასება და მისი ფასი ბარელზე ამჟამად 108 დოლარს აღწევს, რაც წლის დასაწყისიდან დღემდე 80%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.




























