ამერიკულმა ენერგეტიკულმა გიგანტმა ONEOK-მა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ბუნებრივი აირის და სხვა ნავთობპროდუქტების ერთ-ერთი უდიდესი მომპოვებელი და დისტრიბუტორი კორპორაციაა, ასევე ამერიკული ენერგეტიკული კომპანიის, EnLink Midstream-ის აქციების გამოსყიდვის პროცედურა დაასრულა. პირველი ტრანზაქცია კომპანიებს შორის აგვისტოში შედგა, როცა ONEOK-მა EnLink-ის 43%-იანი წილი შეიძინა, ხოლო ახლა, დარჩენილი ნაწილიც დაამატა. ამ გარიგების შედეგად EnLink-ი $7.6 მილიარდად შეფასდა, რაც კომპანიის მიერ ბირჟაზე ბოლო ვაჭრობის დროს დაფიქსირებულ ფასთან შედარებით 5%-იანი პრემიუმია.
ცნობისთვის გეტყვით, რომ ONEOK-ი ენერგეტიკული მილსადენების ერთ-ერთი უდიდესი ოპერატორია ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომლის პორტფელში 80,000 კილომეტრზე მეტის სიგრძის მილსადენებს ვხვდებით. ONEOK-ის მილსადენები ამერიკის ტერიტორიაზე სტრატეგიულად არის განლაგებული, რაც ენერგოპროდუქტების მიწოდების ბაზარზე კომპანიას კონკურენტულ უპირატესობას აძლევს. EnLink Midstream-ის ოპერაციები, ამ დრომდე, აშშ-ის სამხრეთ ნაწილში იყო კონცენტრირებული და გარიგება, რეალურად, სწორედ ამ აქტივების გამო შედგა. 2023 წლის სექტემბერში, ONEOK-მა კიდევ ერთი ამერიკული კომპანია, Magellan Midstream Partners-ი შეიძინა, რაც $18.8 მილიარდი დაუჯდა.