ონის მერია მუნიციპალიტეტში მოსული თოვლისგან გზების გასაწმენდად მეორად ბულდოზერს ყიდულობს. მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდვების სააგენტოსთვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით მოსული დიდი თოვლის გამო ვერ ხერხდება „ტექნიკის დაქირავება“.
შესყიდვის ღირებულება 85 500 ლარია. მუნიციპალიტეტის ცნობით, ვითარება წინასწარ ვერ იქნებოდა განსაზღვრული რადგან სხვა წლებთან შედარებით დიდი თოვლი მოვიდა და არა საკმარისი აღმოჩნდა ტექნიკის რაოდენობა.
"აუცილებელი ვითარების დადგომა გამოიწვია 2025 წლის 23 თებერვლიდან მოსულმა უხვმა ნალექმა (დიდთოვლობა, ზვავი), შედეგად ჩაიკეტა სოფლის მისასვლელი გზები და შეწყდა ავტოტრანსპორტის მოძრაობა. მუნიციპალიტეტის სოფლები მოწყვეტილი იქნა რაიონულ და რეგიონულ ცენტრს. აღნიშნული გზების ფუნქციონირებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, როგორც სამედიცინო თვალსაზრისით, ასევე ზოგიერთ სოფლებში არიან გარდაცვლილები და საჭიროებს გაწმენდას, რისთვისაც გვესაჭიროება მინიმუმ ერთი მსუბუქი ბულდოზერი", - წერია შესყიდვის დოკუმენტში.
ცნობისთვის, დასავლეთ საქართველოში თითქმის ერთკვირიანი დიდთოვლობის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ნორმალური ფუნქციონირებისთვის" 25 თებერვალს სამი თოვლმავალი იყიდა.

























