დასავლეთ საქართველოში თითქმის ერთკვირიანი დიდთოვლობის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ნორმალური ფუნქციონირებისთვის" 25 თებერვალს სამი თოვლმავალი იყიდა.
შესყიდვის დოკუმენტის მიხედვით, ტექნიკა 252 490 ლარი დაჯდა და ის მიმწოდებელს, "ტრანსპორტერს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის ერთ დღეში, ანუ გუშინ უნდა გადაეცა.
BM.GE-მ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, კითხვით რამდენი თოვლმავალი ჰყავდა აქამდე უწყებას, რაზეც პრესსამსახურში განგვიცხადეს, რომ საჯარო ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ. საჯარო ინფორმაციაზე პასუხის მიღების ვადა კი, 10 დღეა.
„თოვლმავლების მეშვეობით შესაძლებელი გახდება სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელშეწყობა, სტიქიის ზონაში საჭირო მობილიზაციის უზრუნველყოფა და მოსახლეობის ევაკუირების ხელშეწყობის მიზნით უსაფრთხო გადაადგილება იქ, სადაც სამაშველო და სხვადასხვა ტიპის ტექნიკა ვერ გადაადგილდება“, - წერს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსს ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი მიხეილ ამირანაშვილი პატაკში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო უთითებს, რომ კლიმატური ცვლილებების ფონზე სტიქიური მოვლენები უფრო ხშირი და მწვავე ხდება, სტიქიური უბედურება ბუნებრივი მოვლენაა, რომლის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია.




























