მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ონკოდიაგნოზის მქონე 300-მდე ბავშვი თურქეთში, ისრაელსა და ესპანეთში მკურნალობას შეძლებს - მთავრობის გადაწყვეტილება

64abe8f69d57c
ვიქტორია მღებრიშვილი
10.07.23 15:18
852
ონკოდიაგნოზის მქონე 300-მდე ბავშვი თურქეთში, ისრაელსა და ესპანეთში მკურნალობას შეძლებს. აღნიშნული პროექტი დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილეს. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული პრესრელიზში ვკითხულობთ, რომ პროექტის წლიური ბიუჯეტი, დაახლოებით, 30 მილიონი ლარი იქნება.

„უცხოეთში სერვისის მიმწოდებლად, წინასწარი ბაზრის კვლევის საფუძველზე, უკვე შერჩეულია თანამედროვე სტანდარტების, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე მაღალტექნოლოგიური კლინიკები, სადაც ერთ სივრცეში გაერთიანებულია მომსახურების სრული სპექტრი.

პროექტის ფარგლებში, პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მაღალხარისხიანი, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო სერვისები, მათ შორის, პროტონოთერაპია, რომელიც, გარკვეული ტიპის სოლიდური სიმსივნის სამკურნალოდ, უკანასკნელი სიტყვაა თანამედროვე მედიცინაში.

უწყების ცნობით, ჯანდაცვის სამინისტროსა და სამედიცინო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებები თვის ბოლომდე გაფორმდება, რის შემდეგაც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები, სამედიცინო მომსახურებას როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ - ესპანეთში, ისრაელსა და თურქეთში საჭიროების მიხედვით მიიღებენ.

18 წლამდე პაციენტების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი ეტაპი იქნება, ვიდრე საქართველოში არ გაძლიერდება სერვისები და არ შეიქმნება თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრი, სადაც ხელმისაწვდომი იქნება სამედიცინო სერვისების სრული სპექტრი. ამ მიმართულებით, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განმარტა, აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტი 30 მლნ ლარი იქნება და ეს თანხები სოლიდარობის ფონდიდან გამოიყოფა. საზღვარგარეთ დიაგნოსტიკის და მკურნალობის საშუალებას კი 300-მდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვი შეძლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები