2025 წლიდან ონლაინ აზარტული თამაშების კომპანიებისთვის გადასახადების დონე გაიზრდება - ამას ითვალისწინებს ქართული ოცნების დეპუტატების მიერ რეგისტრირებული კანონპროექტი. დოკუმენტის თანახმად, იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ონლაინ აზარტული თამაშების გამართვის ლიცენზიას ფლობენ მოგების გადასახადი არსებული 15%-დან 20%-მდე გაეზრდებათ.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ამ ცვლილების შედეგად ბიუჯეტში დამატებით 115 მილიონი ლარი შევა.
"კანონპროექტის მიღების შედეგად, 62 ორგანიზატორის მიერ, რომლებიც ფლობენ შესაბამის ნებართვებს, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობიდან ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზებიდან მიღებული დასაბეგრი მოგება, გარდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ თამაშობებში მონაწილეობის შედეგად სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზატორის დასაბეგრი მოგებისა, დაიბეგრება 20 პროცენტით, ნაცვლად 15 პროცენტისა.
აღნიშნული გაზრდის ასეთი პირების მიერ გადასახდელ მოგების გადასახადს, წლის ჭრილში, 115,000,000 ლარით,"- ნათქვამია განმარტებით ბარათში.
ამჟამად აზარტული თამაშების კომპანიები და კერძოდ ის ფირმები, რომლებიც ელექტრონული ფორმით აწვიდან მომხმარებლებს აზარტული თამაშების სერვისებს სხვა სექტორებისგან განსხვავებული მოგების გადასახადის წესით იბეგრებიან. ისინი 2022 წლიდან არა განაწილებული მოგების გადასახადით, არამედ მათი წმინდა აზარტული შემოსავლების (GGR) 15%-ით იბეგრებიან, რაც მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებებს შორის სხვაობის 15%-ს წარმოადგენს.
ონლაინ კაზინოების სექტორი ამ პრინციპით 2022 წლიდან იბეგრება, თავდაპირველად ეს განაკვეთი 10%-ს შეადგენდა, 2024 წლიდან ის 15%-მდე გაიზარდა, ხოლო 2025 წლიდან მათი მოგების გადასახადი GGR-ის 20% იქნება.
იქიდან გამომდინარე, რომ ამ გადასახადის 5%-ით მატების შედეგად კანონპროექტის ავტორები მოელიან რომ ბიუჯეტში 115 მილიონი ლარით მეტი შევა, გამოდის რომ მომდევნო წლისთვის ონლაინ აზარტული თამაშების სექტორის მიერ გადახდილი მოგების გადასახადის მთლიანი საპროგნოზო გეგმა 460 მილიონი ლარის ფარგლებში იქნება.