ონლაინ მაღაზია, რომელიც „ჯადოსნური საწარმო“-ს სახელით არის ცნობილი, 2024 წლის ბოლოსთვის საქართველოში საწარმოს გახსნას გეგმავს. როგორც „ქალების ნარატივში“ კომპანიის დამფუძნებელმა, ქეთი რატიანმა თქვა, საწარმოს გახსნის შემდეგ კომპანია პროდუქციის წარმოებას, პოლონეთის ნაცვლად, სრულად საქართველოში დაიწყებს.
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფართის მოძიების და შერჩევის ეტაპი. რაც დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, კომპანიის საწარმო არ იქნება თბილისში, ის აუცილებლად ქალაქგარეთ იქნება,“ - აღნიშნა ქეთი რატიანმა.
რაც შეეხება, განხორციელებულ ინვესტიციას, მისი თქმით, საწარმოში 200-300 ათასი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და პირველ ეტაპზე 30-მდე ადამიანს დაასაქმებენ.
„ჯადოსნური საწარმო“ ამჟამად 5 სახის ქართული თემატიკის ნაძვის ხის სათამაშოს აწარმოებს. როგორც ქეთი რატიანმა თქვა, მაღაზია მთელი წლის განმავლობაში იმუშავებს, ამიტომაც გარდა საახალწლო სათამაშოებისა, მოხდება სახლის აქსესუარების და ჭურჭლის წარმოებაც:"გვექნება, როგორც ბიუჯეტური ხაზი, ასევე ლიმიტირებული კოლექციები,“- განაცხადა ქეთი რატიანმა.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ "ჯადოსნური საწარმო" საქართველოში წელს დაფუძნდა, რომელიც მომხმარებელს ქართული თემატიკის საახალწლო სათამაშოებს სთავაზობს. ქართული თემატიკის ნაძვის ხის სათამაშოების დიზაინი საქართველოში იქმნება, თავად სათამაშოები კი პოლონეთში მზადდება და ისინი საკოლექციოა.