განათლების მინისტრის განცხადებით, პირველ ეტაპზე „ონლაინ უნივერსიტეტის“ ცნება საკანონმდებლო დონეზე გაჩნდება, რის შემდეგაც უწყება სწავლების თანამედროვე ფორმატის კონცეფციასა და სტანდარტებს შეიმუშავებს. გიორგი ამილახვარის განმარტებით, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი „ონლაინ უნივერსიტეტის“ დანერგვის შესაძლებლობა სურვილის შემთხვევაში ქვეყანაში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ექნება.
11 მარტს განათლების მინისტრმა, საქართველოს მთავრობის სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად წარადგინა საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”. უმაღლესი განათლების მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებზე მინისტრმა გუშინვე ისაუბრა, თუმცა „იმედის“ ეთერში „ონლაინ უნივერსიტეტის“ ცნება უფრო დეტალურად განმარტა.
გიორგი ამილახვარი ონლაინ უნივერსიტეტში სწავლებას დღევანდელ მსოფლიოში ერთ-ერთ მისაღებ პრაქტიკად ასახელებს და ამბობს, რომ ამ მიმართულებით სხვადასხვა ქვეყანას დიდი გამოცდილება დაუგროვდა.
„განათლების სამინისტროს ინიციატივით განხორციელდება, ონლაინ განათლების რეფორმა, რომელიც პირველად ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში ონლაინ უნივერსიტეტის ცნების გაჩენას მოიაზრებს.
ეს არის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა დღევანდელ სამყაროში. განათლების მიმართულებით მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში მრავლად ნახავთ, როგორც ონლაინ უნივერსიტეტებს, ასევე ონლაინ ელექტრონულ პროგრამებს საბაკალავრო და სამაგისტრო მიმართულებით. იმ პირობებში, როდესაც საქართველოში წლიდან წლამდე უცხოელი სტუდენტების მომართვიანობა რადიკალურად იზრდება, ამას სჭირდებოდა ხელშეწყობა და სწორედ პირველი ნაბიჯი ონლაინ განათლების რეფორმა იქნება. პირველ ეტაპზე კანონმდებლობაში შემოდის ცნება „ონლაინ უნივერსიტეტი“ და ჩვენს სამინისტროს ამ კანონის საფუძველზე ონლაინ უნივერსიტეტის კონცეფციის და სტანდარტების შექმნა დაევალება. რეალურად საგანმანათლებლო სექტორს და უნივერსიტეტებს ამ მიმართულების განვითარების შესაძლებლობა მივცემთ.
დიდი ბრიტანეთი არის ამის ფლაგმანი, სადაც დიდი რაოდენობის ონლაინ უნივერსიტეტებს და ელექტრონულ პროგრამებს ვხედავთ, წამყვანი ევროპის ქვეყნებსა და აშშ-შიც.
ახალი კონცეფციის და სტანდარტების შემუშავების შემდეგ პრაქტიკულად ონლაინ უნივერსიტეტის დაფუძნება შესაძლებელი იქნება, თუმცა ამას გარკვეული პერიოდი დასჭირდება“, - განმარტა მინისტრმა.
გიორგი ამილახვარი იმასაც აზუსტებს, რომ „ონლაინ უნივერსიტეტის“ დანერგვა სწავლებაში უნივერსიტეტებისთვის ნებაყოფლობითი იქნება, თუმცა მისი სწავლების ამ მეთოდის გამოყენება ყველა პროგრამის მიმართ შეუძლებელი იქნება.
„კანონის მიღების შემდეგ დაახლოებით 1.5 თვეში ჩვენ უნივერსიტეტებს არსებული პროგრამის ფარგლებში გარკვეული კომპონენტების ონლაინ განხორციელების საშუალებას ვაძლევთ. მოგვიანებით მინისტრის ბრძანებით დაზუსტდება ის მიმართულებები, სადაც არ არის პრაქტიკული, ლაბორატორიული და ტექნიკური სწავლებები, ასეთი მიმართულებები სრულად გამოირიცხება და მხოლოდ ის მიმართულებები იქნება, სადაც თეორიული, სასემინარო პროცესის დისტანციურად წარმართვის შესაძლებლობა არსებობს. რა თქმა უნდა, სურვილისა და სტუდენტების მოთხოვნისამებრ, აქ სავალდებულო მექანიზმი არ იქნება, უნივერსიტეტებს ონლაინ სწავლების პროგრამის შექმნა და აკრედიტაციის გავლა შეეძლებათ, მაგრამ ეს იქნება მხოლოდ განსაზღვრული მიმართულებებით. ტექნიკური, საბუნებისმეტყველო განათლების კუთხით ონლაინ განათლება დაუშვებელია“, - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ ონლაინ სწავლების კუთხით სწავლების ხარისხი უზრუნველყოფილი იქნება: „რიგი მიმართულებებით ეს ფორმატი ძალიან კარგია და ხარისხს სრულად ვიცავთ. შეიძლება უკეთესი ხარისხიც მივიღოთ“.