ენერგეტიკული ინდუსტრიისთვის მიმდინარე კვირის კულმინაცია OPEC-ის წევრი სახელმწიფოების შეხვედრა უნდა ყოფილიყო, რომელიც შაბათ-კვირას უნდა გამართულიყო, თუმცა სანავთობო კარტელმა შეხვედრა გადადო და მისმა თარიღმა 30 ნოემბრამდე გადაიწია.
შესაბამისად, ნავთობის მიწოდებასთან დაკავშირებით OPEC-ის გადაწყვეტილება სწორედ ნოემბრის ბოლოს გახდება ცნობილი. თავის მხრივ, შეხვედრის გადადება ტრაგიკული მოვლენა არ არის, თუმცა ეს სიახლე ინვესტორებმა საკმაოდ ნეგატიურად მიიღეს და მოკლე პერიოდში ნავთობის ფასი თითქმის 1.5%-ით შემცირდა, ერთთვიან ჭრილში კი ვარდნის მაჩვენებელი 9%-ს აღწევს.
ინვესტორები შიშობენ, რომ OPEC-ის წევრ სახელმწიფოებს შორის გარკვეული განხეთქილებაა და მათ მიწოდების საკითხზე შეთანხმების მიღწევა უჭირთ. როგორც ცნობილია, კარტელის ნაწილი ნავთობის მიწოდების უცვლელად დატოვებას ითხოვეს, რასაც დასავლეთიდან მომდინარე პოლიტიკური ზეწოლა განაპირობებს. მეორე ნაწილს კი მიწოდების შემცირება და ამით ბირჟაზე ფასების გაზრდა სურს, უშუალოდ ამ იდეას განსაკუთრებით უჭერენ მხარს საუდის არაბეთის და რუსეთის ლიდერები.
OPEC-ის ორჭოფობის ფონზე, ბარელი Brent-ის ღირებულება 81 დოლარამდეა შემცირებული, რუსული Urals-ის ფასი კი 62 დოლარს შეადგენს, რაც ერთ თვეში 16%-ით შემცირებული მაჩვენებელია.