ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების გაერთიანებამ (OPEC) და რუსეთმა ნავთობის მოპოვების რეკორდული შემცირების შეთანხმება კიდევ 1 თვით გააგრძელეს. ამის შესახებ არაბეთის გაერთიანებული საემიროების ენერგეტიკის მინისტრ სუხეილ მაზრუიზე დაყრდნობით ინფორმაციას Gulf News-ი ავრცელებს.
მხარეები ნავთობის მოპოვების რეკორდულ შემცირებაზე, ფასების სტაბილიზაციის მიზნით, 12 აპრილს შეთანხმდნენ. შეთანხმების მიხედვით, მხარეებმა ნავთობის მოპოვება დღეში ჯამურად 9.7 მილიონი ბარელით შეამცირეს.
შეთანხმების მიხედვით, ამ შეზღუდვის მოქმედების ვადად 30 ივნისი განისაზღვრა, თუმცა ახალი გარიგებით ვადა 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდა.
12 აპრილის შეთანხმების მიხედვით, რუსეთი დღიურად ნავთობის მოპოვების 2.5 მილიონი ბარელით შემცირებას დათანხმდა.
მიღწეული შეთანხმების შემდეგ, ნავთობის ფასების ეტაპობრივი აღდგენის პროცესი დაიწყო. ბოლო დღეებში, პირველად ბოლო სამი თვის განმავლობაში საერთაშორისო სტანდარტად მიჩნეული Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა 40 დოლარს გადააჭარბა.
39 დოლარამდე გაიზარდა რუსული წარმოების URALS-ის ფასი, ხოლო ამერიკული WTI-ის ღირებულებამ 38 დოლარს გადააჭარბა.