მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ იზრდება ნავთობის ფასი?

ნავთობი

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება. ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ ერთ თვეში 4%-ითაა გაზრდილი და ამჟამად Brent-ის ფასი 78 დოლარს აღწევს, WTI-ს ფასი კი 74 დოლარის ფარგლებშია. რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბარელი Urals-ის ფასი 71 დოლარის ფარგლებში მერყეობს, რაც 5%-იან ზრდას წარმოადგენს.

ნავთობის გაძვირებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს მათ შორის მთავარი აშშ-ის მთავრობის მხრიდან რუსეთის ფედერაციის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაა, რაც რუსეთსა და აზიურ სახელმწიფოებს შორის ნავთობით ვაჭრობას მნიშვნელოვნად ართულებს. ვინაიდან, ჩინეთსა და ინდოეთს სხვა გზით მოუწევთ ადგილობრივი მოთხოვნის დაკმაყოფილება, ეს იმას ნიშნავს, რომ გლობალურ ბაზარზე წარმოდგენილ ნავთობზე მოთხოვნა გაიზრდება, ეს კი საქონლის ფასზე პოზიტიურად აისახება.

მეორე ფაქტორი აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სტრატეგიას უკავშირდება, რომელიც რუსეთისა და ჩინეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აანონსებს, რაც, თავის მხრივ, გეოპოლიტიკურ რისკებს ზრდის და აჩენს საფუძვლიან მოლოდინს, რომ მომავალში ნავთობი უფრო ძვირი იქნება, ვიდრე ახლა.

ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ OPEC-მა ნავთობის მიწოდება არ გაზარდა, რაც შეიძლება ითქვას, რომ მოსკოვის მხრიდან ნაკარნახევი გადაწყვეტილება იყო. ცხადია, მოთხოვნის ზრდა და მიწოდების უცვლელად დატოვება, საბოლოო ჯამში, საქონლის გაძვირებას იწვევს.

ამასთან, ზამთრის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით ენერგორესურსებზე მოთხოვნა იზრდება, რაც ბუნებრივ მოთხოვნას ზრდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები