მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საუდის არაბეთი ბაზრისთვის ნავთობის მიწოდებას 1 მლნ ბარელით ამცირებს

647d92a4aaeae
გიორგი თოლორდავა
05.06.23 11:42
826
OPEC-ის დე-ფაქტო ლიდერმა, საუდის არაბეთმა საერთაშორისო ენერგეტიკული ბირჟისთვის ნავთობის მიწოდების მკვეთრად შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.

ივლისიდან ნედლი ნავთობის მიწოდება დღიურად 1 მილიონი ბარელით დაეცემა, რაც საუდის არაბეთის საერთო დღიურ წარმოებას 9 მილიონ ბარელამდე შეამცირებს.

აღსანიშნავია, რომ უშუალოდ OPEC-მა ნავთობის წარმოების უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა საუდის არაბეთმა მიწოდება დამოუკიდებლად, ერთპიროვნულად შეამცირა.

საერთაშორისო ბაზრისთვის ნავთობის მიწოდების შემცირება ბირჟაზე ენერგორესურსების გაძვირებას იწვევს, რითაც ყველაზე დიდ სარგებელს სწორედ OPEC-ის წევრი სახელმწიფოები იღებენ, მათ შორის რუსეთის ფედერაცია, რომელიც ენერგორესურსების ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია.

საუდის არაბეთი ამჟამად რუსეთისთვის ხელსაყრელ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს, რაც იმ მარტივი მიზეზით არის განპირობებული, რომ არაბეთის ლიდერსა და რუსეთის პრეზიდენტს საკმაოდ კარგი, მეგობრული ურთიერთობა აქვთ.

მუჰამედ ბინ სალმანი და ვლადიმირ პუტინი უკვე დიდი ხანია ერთმანეთთან სტრატეგიულად თანამშრომლობენ, ეს ურთიერთობა კი ამერიკის შეერთებული შტატებისათვის მიუღებელია. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, საუდის არაბეთმა უნდა შეწყვიტოს გეოპოლიტიკური ვითარების გამწვავება და ნავთობის მიწოდება გონივრულ ნიშნულს დაუბრუნოს.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ გაძვირებული ენერგორესურსები ყველაზე ხელსაყრელი სწორედ საუდის არაბეთისთვისაა, რომელმაც გასულ წელს რეკორდული შემოსავლები მიიღო. სახელმწიფო კომპანია Saudi Aramco-მ 2022 წელს 161 მილიარდი დოლარის წმინდა მოგება მიიღო, რაც კაცობრიობის ისტორიაში დაფიქსირებული უმაღლესი მაჩვენებელია. არაბული ენერგოგიგანტის შემოსავლის ზრდა საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის გაძვირებით და რუსეთზე დაწესებული სანქციებით იყო განპირობებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები