Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, OPEC+ ის რვა წევრი ქვეყანა კვირას დაგეგმილ შეხვედრაზე ნავთობის მოპოვების მორიგი ზრდის საკითხს განიხილავს.
აღნიშნული ნაბიჯი მიზნად ბაზრის იმ შემთხვევისთვის მომზადებას ისახავს, თუ აშშ-ისრაელისა და ირანის ომის გამო ჩაკეტილი ჰორმუზის სრუტე ნავიგაციისთვის კვლავ გაიხსნება. ცნობისთვის, ბოლო შეხვედრაზე, 1 მარტს ორგანიზაციამ აპრილისთვის მოპოვების დღიური მაჩვენებელი სიმბოლური 206,000 ბარელით გაზარდა, თუმცა ამან ვერ შეაჩერა ნავთობის ფასის ბოლო ოთხი წლის მაქსიმუმამდე - თითქმის $120 დოლარამდე აყვანა.
მიუხედავად იმისა, რომ სრუტის გახსნის ნიშნები ჯერ არ ჩანს, ექსპერტები მაინც მოელიან, რომ OPEC+ მაისისთვის მოპოვებას კიდევ 206,000 ბარელით გაზრდის. პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ საუდის არაბეთი ალტერნატიული გზების ათვისებას ცდილობს. არაბულმა სახელმწიფომ წითელი ზღვის პორტ იანბუს მეშვეობით ექსპორტი უკვე დღეში 4.6 მილიონ ბარელამდე გაზარდა, რაც ამ მარშრუტის მაქსიმალურ გამტარუნარიანობასთან ახლოსაა.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ OPEC+ ის შიგნით ვითარება არაერთგვაროვანია: რუსეთს, ყაზახეთს, ალჟირსა და ომანს სანაოსნო გზების ჩაკეტვა არ შეხებიათ, თუმცა მათ მოპოვების გაზრდის შეზღუდული რესურსი აქვთ. შესაბამისად, ანალიტიკოსებს უჭირთ იმის თქმა, დაუჭერენ თუ არა ისინი მხარს მოპოვების გაზრდას. ცალკე საკითხია, რომ გასულ თვეში უკრაინული დრონებით განხორციელებულმა თავდასხმებმა რუსულ წარმოებაზე უარყოფითად იმოქმედა და ობიექტების, დაახლოებით, 40% მწყობრიდან გამოიყვანა.
აღსანიშნავია, რომ კვირას დაგეგმილ მინისტერიალამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრემ, მოჰამედ ბინ სალმანმა, სატელეფონო საუბრისას კრიზისული ვითარება და OPEC+ ის ფარგლებში შემდგომი თანამშრომლობის დეტალები უკვე განიხილეს.




























