მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

OpenAI ბრიტანეთში Stargate-ის პროექტს ენერგოტარიფებისა და რეგულაციების გამო აჩერებს

openai

OpenAI-მ გაერთიანებულ სამეფოში დაგეგმილი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი, სახელწოდებით Stargate-ი, განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა.

კომპანიის გადაწყვეტილება ქვეყანაში ელექტროენერგიის მაღალმა ფასმა და გაურკვეველმა საკანონმდებლო გარემომ განაპირობა. პროექტი, რომელიც გასული წლის სექტემბერში დაანონსდა, Nvidia-სთან და Nscale-თან პარტნიორობით მონაცემთა ცენტრების აგებას და 8,000 გრაფიკული პროცესორის განთავსებას ითვალისწინებდა.

OpenAI-ს წარმომადგენლის განცხადებით, სამუშაოები მხოლოდ მას შემდეგ განახლდება, რაც ბრიტანეთში გრძელვადიანი ინვესტიციებისთვის შესაბამისი პირობები შეიქმნება.

ცნობისთვის, ბრიტანეთში მრეწველობისთვის საჭირო ენერგეტიკული პროდუქტების ფასები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია, რაც ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის საჭირო მონაცემთა ცენტრების ფუნქციონირებას მნიშვნელოვნად აფერხებს. პარალელურად, გამოწვევას ქმნის ის, რომ ადგილობრივი კანონმდებლები საავტორო უფლებების შესახებ ახალ რეგულაციებზე მუშაობენ, რაც AI მოდელების მიერ მედიაკონტენტის გამოყენებას ზღუდავს. კერძოდ, სახელოვნებო სექტორის პროტესტის ფონზე, მთავრობა გეგმავს, ტექნოლოგიურ გიგანტებს მხატვრების, მწერლებისა თუ მუსიკოსების შემოქმედების უფასოდ დამუშავების საშუალება შეუზღუდოს.

აღსანიშნავია, რომ პროექტ Stargate-ის ფარგლებში კომპანია გეგმავდა, რომ მონაცემთა ცენტრებში AI პროცესორების რაოდენობა 8,000-დან 31,000-მდე გაეზარდა, რაც სახელმწიფო სერვისებისა და ფინანსური სექტორისთვის ლოკალურ გამოთვლით რესურსს შექმნიდა. ამ ეტაპზე პროექტის პარტნიორი მხარეები, მათ შორის Nvidia, შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მიუხედავად ამ შეფერხებისა, OpenAI ლონდონში საკუთარი კვლევითი ცენტრის გაფართოებას და ბრიტანეთის მთავრობასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობას გააგრძელებს. შეგახსენებთ, რომ გაერთიანებულ სამეფოსა და OpenAI-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2025 წლის ივლისში გაფორმდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები