მსოფლიოს ყველაზე პოპულარული გენერაციული ხელოვნური ინტელექტის, ChatGPT-ის შემქმნელმა OpenAI-მ ახალი მოდელი - o1 წარმოადგინა, რომელსაც, როგორც კომპანიაში ამბობენ, ფიქრი შეუძლია. ახალი მოდელის მთავარი დანიშნულება რთულ კითხვებზე პასუხის გაცემაა, თანაც ადამიანზე უფრო სწრაფად, ანუ ამ მოდელის გამოშვებით OpenAI კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ხელოვნური ზოგადი ინტერნეტის კონცეფციას. ახალ მოდელს კოდის წერა და მრავალნაბიჯიანი დავალებების ამოხსნა ნებისმიერ სხვა მოდელზე უკეთესად შეუძლია, მაგრამ ის უფრო ძვირიანი და ნელი მოდელია, ვიდრე GPT-4o, რომელიც სემ ოლტმენის კომპანიამ ივლისში წარმოადგინა.
გამომდინარე იქიდან, რომ o1-ის დანიშნულება - ფიქრია, მოდელი განსხვავებულად ფუნქციონირებს და დავალებას ნაბიჯ-ნაბიჯ და სისტემურად უდგება. ახალია o1-ის ოპტიმიზაციის ალგორითმი და მონაცემთა ბაზაც, მაგრამ კონკრეტულად რა შეიცვალა, ჯერჯერობით, უცნობია. კანონზომიერებების ამოცნობაზე დაფუძნებული მიდგომა, რომელიც GPT-4o-ისთვის იყო დამახასიათებელი, როგორც ჩანს, ახალ მოდელში უკანა პლანზე გადავიდა. თუკი ძველი მოდელები მეცნიერების მიერ შედგენილი და მოდელისთვის წინასწარ დასწავლული მეთოდის თანახმად ოპერირებდნენ, ახალი მოდელს, მეცნიერებმა, პირველ რიგში, ადამიანივით ფიქრი ასწავლეს.
ChatGPT, ტოკენებით იმართება, რომელთა ფასი იმ კომპიუტერული სიმძლავრის შესაბამისია, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი ამა თუ იმ დავალების შესასრულებლად იყენებს. წარმოიდგინეთ, რომ ტოკენი - პაზლის ნაწილია, რომელიც ტექსტის ნაწილს აღნიშნავს, ანუ სიტყვას ან ასოთა კომბინაციას. ამგვარად, ორი ტიპის ტოკენი არსებობს, ესენია შემავალი (ინგლ. Input) და გამომავალი (ინგლ. Output). შემავალი ტოკენი ის ინფორმაციაა, რომელსაც მომხმარებელი ხელოვნურ ინტელექტს აწვდის, ანუ კითხვა ან დავალება. გამომავალი ტოკენი კი ის ინფორმაციაა, რომელსაც ChatGPT დავალების საპასუხოდ აგენერირებს.
ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელი ChatGPT Plus-ის მომხმარებლებისთვის უკვე ხელმისაწვდომია, ხოლო კორპორაციული და საგანმანათლებლო პაკეტების გამომწერები წვდომას მომავალ კვირას მიიღებენ. როგორც OpenAI-ში ამბობენ, o1-mini, საბოლოო ჯამში, ChatGPT-ის ყველა მომხმარებლისთვის უფასო იქნება, მაგრამ o1-ზე იმავეს ვერც კი ვივარაუდებთ, რადგან ეს მოდელი ძალიან ძვირია. ახალი მოდელის ბეტას მილიონი შემავალი ტოკენი $15 ღირს, მილიონი გამომავალი ტოკენის ფასი კი $60-ია, რაც ოთხჯერ ძვირია, ვიდრე GPT-4o-ის შემთხვევაში.