OpenAI-ის სარეკლამო ბიზნესის (ChatGPT Ads) წლიურმა შემოსავალმა $1 მილიარდს მიაღწია. არსებული ინფორმაციით, შემოსავლების მკვეთრი ზრდა გლობალურმა გაფართოებამ და მომხმარებელთა გააქტიურებამ განაპირობა.
კომპანიამ სარეკლამო შეტყობინებების განთავსება ჩეთბოტის უფასო და შედარებით დაბალფასიანი, Go პაკეტის მომხმარებლებისთვის რამდენიმე თვის წინ აქტიურად დაიწყო. როგორც ირკვევა, OpenAI ამ გადაწყვეტილებით მიზნად აქციების პირველადი საჯარო განთავსების წინ საერთო შემოსავლების გაზრდას ისახავს.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ინდოეთში, ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში მომუშავე რეკლამის დამკვეთებს ChatGPT-ის რეკლამების შეძენა OpenAI-ის პლატფორმა Ads Manager-ის საშუალებით უკვე პირდაპირ შეუძლიათ. საუბარია ციფრულ ინსტრუმენტზე, რომელიც აშშ-ის ბაზარზე უფრო ადრევე ამოქმედდა. Reuters-ის ცნობით, ახალი პლატფორმა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელთა მოზიდვას მნიშვნელოვნად დაეხმარა
მიღწეული შედეგი დარგის ექსპერტთა ნაწილმა არაერთგვაროვნად შეაფასა. კვლევითი კომპანია Emarketer-ის ანალიტიკოსმა ნეით ელიოტმა OpenAI-ის მაჩვენებელს „საშინლად იმედგამაცრუებელი“ უწოდა. ექსპერტის შეფასებით, $1-მილიარდიანი წლიური მაჩვენებელი მიუთითებს, რომ კომპანია 2026 წლისთვის განსაზღვრულ $2.5-მილიარდიან სარეკლამო სამიზნეს საგრძნობლად ჩამორჩება.
ცნობისთვის, OpenAI-მ აშშ-ში საპილოტე სარეკლამო პროექტი მიმდინარე წლის დასაწყისში დაიწყო. ამ ინიციატივამ გაშვებიდან ექვს კვირაში $100 მილიონის შემოსავალი მოიტანა.



























