მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

OpenAI-მ $40-მილიარდიანი ინვესტიცია მოიზიდა

OpenAI

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხელოვნური ინტელექტის, ChatGPT-ის შემქმნელმა კომპანია OpenAI-მ მორიგი საინვესტიციო რაუნდი დახურა, რომლის შედეგად $40 მილიარდი მოიზიდა და კორპორაციული კერძო ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის ახალი რეკორდი დაამყარა. გარიგების წამყვანი ინვესტორი იაპონელი მილიარდერის, მასაიოში სონის SoftBank-ი იყო, რომელიც კომპანიაში ინვესტორთა სინდიკატთან ერთად ინვესტირებს. ტრანზაქციის შედეგად, OpenAI-ის შეფასება $300 მილიარდამდე გაიზარდა, რაც მას მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ სტარტაპად აქცევს.

დაპირებული თანხის მეოთხეს სემ ოლტმენის კომპანია ახლა მიიღებს, დარჩენილი $30 მილიარდი კი წლის ბოლოსთვის ჩაერიცხება, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ OpenAI მოგებაზე ორიენტირებულ კომერციულ ორგანიზაციად გადაკეთდება. თუ ასე არ მოხდა, OpenAI დაპირებული ინვესტიციის მეოთხედს დაკარგავს. გამომდინარე იქიდან, რომ სემ ოლტმენს და OpenAI-ის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება სწორედ ამ საკითხის გამო მოხდა, კომპანიის სტატუსს ორგანიზაცია, სავარაუდოდ, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე მიიღებს.

აღნიშნული არ გახლავთ პირველი შემთხვევა, როცა იაპონურმა SoftBank-მა OpenAI-ში ფულის ჩადება გადაწყვიტა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ, OpenAI-ის, Oracle-ის და SoftBank-ის მესვეურები დონალდ ტრამპის ვაშინგტონის რეზიდენციაში შეიკრიბნენ, სადაც პრეზიდენტმა Stargate-ის სახელით ცნობილი მეგაპროექტი წარადგინა, რომლის საინვესტიციო ღირებულება ნახევარი ტრილიონი დოლარი იქნება. ათი დატაცენტრის მშენებლობა უკვე დაიწყო და მომავალში, ეს რიცხვი მხოლოდ გაიზრდება, რითაც, ამერიკის შეერთებულ შტატებში 100,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

ChatGPT-ის დიდძალი პოპულარობის და ახალ-ახალი ხელსაწყოების გამოშვების ფონზე, OpenAI ჯერაც “ნაღდი ფულის წვის” ეტაპზე იმყოფება, რაც ნიშნავს, რომ ხელოვნური ინტელექტის ოპერირება ორგანიზაციას ასობით მილიონი დოლარი უჯდება. მიმდინარე წელს, OpenAI-ის შემოსავალი, სავარაუდოდ, $12.7 მილიარდი იქნება, რაც შარშანდელ შემოსავალს 243%-ით აღემატება. მედიაში გავრცელებული ინსაიდერული ინფორმაციის თანახმად, მოგებაზე გასვლას კომპანია 2029 წლისთვის პროგნოზირებს, როცა მისი წლიური შემოსავალი $125 მილიარდი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები