გენერაციული ხელოვნური ინტელექტის, ChatGPT-ის შემქმნელმა OpenAI-მ ბოლო რაუნდში $6.6 მილიარდის ინვესტიცია მოიზიდა, რასაც კომპანიის საბაზრო ღირებულების $157 მილიარდამდე გაზრდა შეუძლია - ამ შემთხვევაში OpenAI მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული კერძო კომპანიის სტატუსს მიიღებს.
დაფინანსების ბოლო რაუნდმა ვენჩურული კაპიტალის ინვესტორები, Thrive Capital და Khosla Ventures მოიზიდა, ისევე როგორც OpenAI-ის მთავარი ინვესტორი - Microsoft. აღსანიშნავია, რომ დამფინანსებელთა სიაში პირველად Nvidia-ც მოხვდა.
საინვესტიციო რაუნდი კომპანიაში მიმდინარე რესტრუქტურიზაციას დაემთხვა - გასულ კვირას OpenAI მოულოდნელად დატოვა ტექნოლოგიურმა დირექტორმა, მირა მურატიმ.
უცხოური მედიის ინფორმაციით, Thrive Capital-მა, რომელმაც ხელოვნური ინტელექტის კომპანიისთვის $1.2 მილიარდი გაიღო, მომავალ წელს OpenAI-ში დამატებით $1 მილიარდს ჩადებს იმ შემთხვევაში, თუ კომპანია შემოსავლის მიზანს მიაღწევს.
საინტერესოა ისიც, რომ Apple-მ, რომელიც დაფინანსებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს OpenAI-სთან გარკვეული პერიოდია მართავს, ამ ეტაპზე ინვესტიციის ჩადებისგან თავი შეიკავა.