უმსხვილესმა ამერიკულმა სტარტაპმა, OpenAI-მ და ჩიპების წამყვანმა მწარმოებელმა Broadcom-მა მრავალმილიარდიანი თანამშრომლობის შეთანხმება დადეს.
არსებული ინფორმაციით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში, სემ ოლტმენის სტარტაპი შექმნის ისეთი უნიკალური დიზაინის ჩიპს, რომელიც მხოლოდ მისი ხელოვნური ინტელექტის მოწყობილობების, ChatGPT-სა და Sora-ს განვითარებისთვის იქნება აუცილებელი, Broadcom-ი კი მათ დაამზადებს და კომპანიას გადასცემს.
შესაბამისად, OpenAI ჩიპების მწარმოებელ სხვა გიგანტებზე აღარ იქნება დამოკიდებული და თავის ინფრასტრუქტურასაც შექმნის. 4-წლიანი გარიგების ფარგლებში საუბარია 10 გიგავატის სიმძლავრის AI ჩიპებზე.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ვიგებთ, ოლტმენის სტარტაპი საკუთარი საჭიროებების ჩამოსაყალიბებლად და ჩიპის დიზაინის მოსამზადებლად 1 წელი ექნება, Broadcom-ი კი მათ აქტიურ წარმოებას 2026 წლის მიწურულს დაიწყებს. გარიგება 2029 წელს დასრულდება, თუმცა პროექტის წარმატების შემთხვევაში მხარეები თანამშრომლობის გახანგრძლივებას არ გამორიცხავენ. შედარებისთვის, სიმძლავრის ის მოცულობა, რაც OpenAI-ს მიერ Broadcom-ისთვის დაკვეთილ ჩიპებს ექნება, საკმარისია ამერიკაში მცხოვრები 8 მილიონი ოჯახის ელექტროენერგიის მოხმარების საჭიროების დასაკმაყოფილებლად.
აღსანიშნავია, რომ სემ ოლტმენის სტარტაპს 2033 წლამდე გამოთვლილი შესაძლებლობები 250 გიგავატის სიმძლავრემდე გაზრდა სურს. შედარებისთვის, ამ გარიგებით მათი შესაძლებლობა 26 გიგავატამდე იზრდება.




























