მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

OpenAI Sora-ს ხურავს

Sora

ექვსთვიანი ფუნქციონირებისა და თავდაპირველი პოპულარობის შემდეგ, OpenAI-მ მოკლე ფორმატის ვიდეოაპლიკაცია Sora-ს დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

კომპანიის განმარტებით, აღნიშნული ნაბიჯი ხარჯების ოპტიმიზაციის სტრატეგიის ნაწილია. როგორც ირკვევა, Sora-ს დახურვა OpenAI-ს ფართომასშტაბიანი გეგმის ნაწილია, რაც არახარჯთეფექტური პროექტების გაჩერებას ისახავს მიზნად.

არსებული ინფორმაციით, სემ ოლტმენის სტარტაპი წლის ბოლომდე საფონდო ბირჟაზე გასვლას გეგმავს, Sora-ს მსგავსი არამოგებიანი წამოწყებები კი ახალი ინვესტორების თვალში კომპანიის რეპუტაციას საგრძნობლად ამცირებს. შეგახსენებთ, OpenAI $730 მილიარდიანი საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე სტარტაპია, რომლის წლიური შემოსავალიც მხოლოდ $20 მილიარდის ფარგლებში მერყეობს.

აღსანიშნავია, რომ განახლებული სტრატეგიის ფარგლებში კომპანიამ რამდენიმე ამბიციური პროექტი უკვე შეაჩერა. მათ შორისაა შოპინგის ფუნქცია Instant Checkout-ი. ამასთან, ოლტმენის გუნდის გადაწყვეტილებით, OpenAI საკუთარი მონაცემთა ცენტრების მშენებლობის ნაცვლად, ღრუბლოვანი სერვისების მსხვილ შემსყიდველად დარჩება. ხარჯების დაზოგვის მიზნით, OpenAI ChatGPT-ის, ვებ-ბრაუზერ Atlas-ისა და კოდირების აპლიკაცია Codex-ის ერთიან სამუშაო სივრცეში გაერთიანებასაც განიხილავს.

შეგახსენებთ, Sora მომხმარებლებს ხანმოკლე ვიდეოების გენერირებისა და გაზიარების საშუალებას აძლევდა. ამან გარკვეულ ეტაპზე Disney-ს ყურადღებაც მიიპყრო. თუმცა, Disney-სა და OpenAI-ს შორის დაგეგმილი $1-მილიარდიანი გარიგება საბოლოოდ არ შედგა. OpenAI-ის აპლიკაციების მიმართულების ხელმძღვანელმა, ფიდჯი სიმომ განაცხადა, რომ ამიერიდან კომპანიის სტრატეგია მთელი ყურადღების კორპორატიულ სექტორზე გადატანა იქნება. იმ სექტორზე, რომელშიც მისი მთავარი კონკურენტი ბიზნესისთვის კარგად ცნობილი სტარტაპი Anthropic-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები