გერმანიის ხელისუფლების განცხადებით, ჰამბურგის აეროპორტი დაკეტილია და ყველა ფრენა გაუქმებულია მას შემდეგ, რაც 4 ნოემბერს შეიარაღებული პირი აეროპორტში შეიჭრა - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შაბათს საღამოს 35 წლის პირი 4 წლის ბავშვთან ერთად ბარიერის გავლით აეროპორტის ტერიტორიაზე გადავიდა და თვითმფრინავის ქვეშ გაჩერდა, ამასთან, აღნიშნული პირი შეიარაღებული იყო.
“ოპერაცია გრძელდება, ჩვენ თარჯიმნის მეშვეობით, თურქულ ენაზე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს მანქანაში მყოფ პირთან”, - განაცხადა პოლიციამ კვირას, სოციალურ პლატფორმა X-ზე.
ჰამბურგის აეროპორტის ინფორმაციით, 5 ნოემბერს 286 ფრენა იყო დაგეგმილი, რომელსაც დაახლოებით 34,500 მგზავრი უნდა გადაეყვანა.